(რეზონანსი) ძლიერმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე პრობლემები შექმნა. წყნეთი-ახალდაბის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.
მათი თქმით, ამ დროისთვის უამინდობის გამო, დედაქალაქში 50-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული, რომელიც ძირითადად სარდაფების, პირველი სართულების დატბორვას ეხება.
„ მოზიდულია მძიმე ტექნიკა, სამუშაოები დაწყებულია, გარკვეული პერიოდი ვერეს ხეობაში ახალი გზა დაახლოებით 15-20 წუთის მონაკვეთში დაკეტილი იყო უსაფრთხოების გამო" , - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.
სინოპტიკოსები დღეს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის, წვიმისა და ელჭექის განმეორებას არ გამორიცხავენ. რამდენიმე რაიონში სეტყვა იყო, მათ შორის თბილისშიც. განსაკუთრებით ძლიერი სეტყვა იყო გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში.
ხანმოკლე ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სახურავები და მანქანები დააზიანა, ასევე გზებზე პრობლემები შექმნა.