(რეზონანსი) ჯგუფ „ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრები, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება, გიორგი ქებურიას ადვოკატმა, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქებურია ჩვენებას პროკურორს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აძლევდა.
დაკავებული რეპერის ადვოკატი განმარტავს, რომ პროკურატურას ქებურიამ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, დაკავების პროცესში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
„გიორგი ქებურიამ თავად დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს გამოძიების დაწყებას და მიიჩნევს, რომ არის მსხვერპლი იმ ძალადობის, რაც განხორციელდა მის მიმართ. კერძოდ, გიორგი განმარტავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან დაკავებისას ნახსენები იყო კლიპი, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე " , - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.