(რეზონანსი) „ალ-არაბის" ინფორმაციით, ირანის ავიაციის თვითმფრინავებმა ყატარში რამდენიმე რეისი შეასრულეს. მათ თვითმფრინავებით ყატარში 450 ტონა ხილი და ბოსტნეული გადაიტანეს.
ამ ეტაპისთვის სულ ხუთი რეისი შესრულდა, თუმცა გამოცემის ცნობით, რეისები მომავალშიც გაგრძელდება. გავრცელებული ცნობით, ყატარში ირანიდან ასევე, 350 ტონა სხვადასხვა დასახელების პროდუქტიც შეიტანეს.
სიტუაცის ისიც ართულებს, რომ საუდის არაბეთმა ყატართან სახმელეთო კავშირიც ჩაკეტა, ამით კი ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია შექმნა. ყატარში მოხმარებული პროდუქტების თითქმის ნახევარზე მეტი, სწორედ საუდის არაბეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზებით შემოდიოდა.
არაბული სახელმწიფოების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და იემენში ამბოხებულებთან ბრძოლისთვის შეიქმნა, ყატარი ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან" და „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში დაადანაშაულა. ამის გამო 6-მა არაბულმა ქვეყანამ და მალდივის რესპუბლიკამ, ტერორიზმისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.