გვანცა ღვედაშვილი
12.06.2017

ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მუსიკალური ჯგუფის - "ბირჟა მაფიის" იმ კლიპს, სადაც პოლიციაა გაშარჟებული, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ჯგუფის ორი წევრი სამართალდამცავებს ამის გამო არ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული კლიპის ავტორი ორი რეპერი პოლიციამ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავა, რასაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

"ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გჯერათ ხელისუფლების მტკიცების, რომ ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავება მათ კლიპს არ უკავშირდება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): "მე არ ვარ ჩახედული ამ საქმეში, მაგრამ, მგონი, აშკარად უკავშირდება ეს ყველაფერი ერთმანეთს. ამას პატარა ანგარიშსწორების სუნი ასდის, რაც სამწუხაროა, მაგრამ ასეა."

 

 

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "არა, რა თქმა უნდა, არ მჯერა. ამ ხელისუფლებას საერთოდ არაფერი დაეჯერება. ყველაფერი გასდის და ამასაც გაიტანს. ჩვენი საზლოგადოება დაჩლუნგებულია და რეალურად არაფრის მაქნისად იქცა.

"ხელისუფლება გაიტანს თავისას და ამ ბიჭებს ჩასვამენ ციხეში, რაც ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ასე იქნება, რადგან საზოგადოება ძალიან მოდუნებულია."

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ ბოლო დროს ისე იქცევა ხელისუფლება, რომ საზოგადოებას ასე ფიქრის საბაბს აძლევს.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როცა ასეთი ეჭვის საბაბს ერთხელ და ორჯერ მისცემ, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს."

 

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა და რაიმე კონკრეტულის თქმა. ამიტომ, უმჯობესია, თავი შევიკავო."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×