ორი რეპერი, რომლებმაც პოლიცია გააშარჟეს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს; თბილისში მოტაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა; თურქეთის მოთხოვნით კოლეჯის მენეჯერი ციხეშია; დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი პოლიციელი უდანაშაულოდ სცნეს; ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მთავარი აუდიტორი სცემა - ბოლო რამდენიმე კვირაა, "ოცნების" ხელისუფლებას ძალიან ბევრი ნეგატიური და კრიზისული ფაქტი დაუგროვდა, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს და უკვე გაჩნდა შეძახილები - "მეტი რაღა უნდა მოხდეს...", "ქვეყანაში ძალოვანები თვითნებობენ" და ამიტომ "ხმაურის დროა".
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ჩვენ მმართველობით კრიზისში შევედით და ამ სიტუაციაში კანონზომიერად ხდება ის, რომ კრიზისი კი არ გვარდება, არამედ პირიქით - ერთი კრიზისის თუ დივერსიის სხვა, ახალი და, შესაძლოა, უფრო დიდი დივერსიით გადაფარვა ხდება.
"თუ ამ კრიზისების ჩაქრობა, სისტემური ღონისძიებების გატარება არ მოხდა, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო გაგვირთულდება მდგომარეობა", - ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ყველა ამ დაგროვილ პრობლემაში მთავარი ისაა, რომ აშკარაა ნდობის ფაქტორის დეფიციტი და ნებისმიერ საკითხზე გამოძიებამ რაც უნდა დაადგინოს, ხალხს მისი უკვე აღარ სჯერა.
მისთვის ყველაზე მიუღებელი ისიცაა, რომ შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ხელისუფლებამ მისი გამოსწორების ილუზია მაინც უნდა შექმნას და ადეკვატური განცხადებები მაინც მოვისმინოთ. ამის ნაცვლად კი მთავრობამ "მოლაპარაკე თავად", მისი აზრით, ყველაზე არაპოპულარული მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა, რომელიც ყველა განცხადებით "ცეცხლზე ნავთს ასხამს".
"მეტი რაღა უნდა მოხდეს..." - ახალგაზრდების პროტესტი
ძალოვანების მიმართ პროტესტი და ნდობის კრიზისი მაისში დაიწყო და ძირითათად ორ თემას უკავშირდება: ერთია მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნების უსიტყვოდ და, მათ შორის, კანონის დარღვევით შესრულება და მეორე - პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დრაკონული კანონმდებლობის შანტაჟისთვის გამოყენება და ეჭვი ნარკოტიკების "ჩადებაზე".
შაბათს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისსა და ბათუმში, სადაც საქართველოში "რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და ცენზურის დაწესების მცდელობას" აპროტესტებდნენ. პროტესტის მიზეზი გახდა 9 ივნისს 2 რეპერის დაპატიმრება დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციელთა შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ, რადგან ბოლო კლიპში პოლიციელი გააშარჟეს.
მათ დაკავებაზე "ოცნებიდან" პირველი განცხადებით ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ კლიპში რაც ხდება, "ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", თუმცა მოსაზრება, თითქოს შურის საძიებლად პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო, არასერიოზულია.
იმავე საღამოს კი, თბილისში, რუსთაველზე გამართული აქციის პარალელურად, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალშია ეს საფრთხე, ხოლო კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია და მისი ლიბერალიზაცია უნდა დაჩქარდეს.
ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ თუ პოლიციაში ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, დაისჯება.
რეპერებს მხარდაჭერა გამოუცხადა ექსპრემიერის შვილმა ბერა ივანიშვილმაც და პროტესტის მონაწილეებს შორისაც გაჩნდა ოპტიმიზმი, რომ ეს მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება, როგორც ბევრჯერ ყოფილა, არამედ ხელისუფლება ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში დაიხევს უკან.
თუმცა "ქართულ ოცნებას" შეცდომები სხვაც ბევრი დაუგროვდა. პარასკევს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პოლიციელი, რომელსაც გასული წლის აგვისტოში სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედებოდა ბრალი. სტურუა წერილში სწორედ იმას წერდა, რომ ეს პოლიციელი მას აშანტაჟებდა.
ასევე, პრობლემად რჩება, რომ ჯერ კიდევ გამოუძიებელია ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის მიერ მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას ცემის ფაქტი.
კიდევ ის, რომ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და თბილისს მის ექსტრადირებას სთხოვს.
ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს ბაქოსთვის მიუღებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე საათში აზერბაიჯანის საპატიმროში აღმოჩნდა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გატაცება საქართველოს ძალოვანების ხელშეწყობით მოხდა.
ამ ბოლო შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველი განცხადება მომხდარზე სწორედ ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის და ამ განცხადებასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, განათლების მინისტრმა ჯერ თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, მუხთარლი სულაც არ არის ჟურნალისტი და იგი ერთ-ერთი მედიასაშუალების დაცვის თანამშრომელია. შემდეგ აღიარა, რომ შეცდა და თქვა, რომ "შესაძლებელია, ეს ადამიანი "ა" პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო "ბე" პუნქტში, რასაც რატომღაც არავინ უშვებს" და "თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, ამას აუცილებლად ასე მალულად და პასპორტის გარეშე გააკეთებდა".
ახალი კრიზისი ძველების გადასაფარად
გია ხუხაშვილის თქმით, კიდევ ძალიან ბევრი ლოკალური კრიზისის დასახელება შეუძლია, თუმცა ეს ჩამონათვალიც დრამატულ სურათს გვაძლევს და ცალ-ცალკე განხილვამაც აზრი დაკარგა.
"იმდენად ბევრი კრიზისი დაგროვდა, რომ ძალიან ბუნდოვანია, ამ ქვეყანაში მმართველობა საერთოდ არსებობს თუ არა. ხელისუფლება კრიზისებზე რეაგირების ნაცვლად ცდილობს, ძველი კრიზისი ახალი კრიზისით გადაფაროს," - ამბობს ხუხაშვილი და ამ კრიზისულ პროცესში მინისტრ ჯეჯელავას კანონზომიერ ფიგურად მიიჩნევს: "მისი ყველა კომენტარი ცეცხლზე ნავთის დასხმაა. ფაქტობრივად, მან კომენტარით დაადასტურა, რომ ეს რეპერები ნარკოტიკებზე კი არ დაიჭირეს, არამედ კლიპის გამო. იმდენი ინტელექტიც კი არ აქვს, რომ ცუდი საქციელი შენიღბოს და ფორმალურად მაინც ლოგიკური კომენტარი გააკეთოს".
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ვარდნა შეაჩეროს. ხოლო თუ ასე გააგრძელებენ, ეს მათ უფსკრულში გადაჩეხავს.
"ასე პატარ-პატარა პროტესტებით იწყება და შემდეგ ხდება კონსოლიდაცია უფრო დიდი პროტესტისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებისთვის სახიფათო ხასიათს იღებს. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, ზვავის სახე მიიღოს და მთელი სახელმწიფო მმართველობა წალეკოს," - აცხადებს ხუხაშვილი.
სოსო ცინცაძის თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ინსტიტუციების მიმართ ნდობა ქრება, რომ პოლიციის მიმართ ნდობა დაკარგულია.
"იქამდე მივიდა "ჩადების" ფენომენი, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, მართლა ჩაუდეს ვინმეს ნარკოტიკი თუ ჰქონდა, რადგან როგორც კი ვიღაც იტყვის, ჩამიდესო, ხალხი იჯერებს. სააკაშვილის რეჟიმის მარცხი სწორედ ნდობის გაქრობამ გამოიწვია. ცუდი ის არის, რომ ისევ იმ გზაზე მიდიან.
"მე უკვე გამოუსწორებელი პესიმისტი გავხდი და გამპროტესტებელ და მებრძოლ ხალხსაც ვერ ვხედავ, მხოლოდ ბრბოს. ჩვენ მხოლოდ ერთდღიანი მეხსიერება გვაქვს. მე კი მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ - რომ დღითიდღე ვშორდებით ევროპას და ევროპულ ფასეულობებს," - აცხადებს ცინცაძე.