საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელი 1,50 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 1,62 ლარი
ნათია ლომიძე
13.06.2017

 მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაიაფდა და საქართველოშიც კარგი პროგნოზი კეთდება. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე ფასის კორექტირება სწრაფად მიმდინარეობს. თუ ასე გაგრძელდა, საწვავი ზაფხულის განმავლობაში კიდევ უფრო იაფი ეღირება.

12 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48,81 დოლარი შეადგინა, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი ფასია. ნავთობის გაიაფება საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ არაბრენდირებულ სადგურებზეა შესამჩნევი.

ამჟამად საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 1.62 თეთრია, ხოლო დიზელი 1.50 ლარად იყიდება. ნავთობის ბიზნესით დაკავებული ადამიანები დადებით ტენდენციაზე საუბრობენ. მათი თქმით, როცა ფასი იკლებს, მოხმარება ყოველთვის იზრდება. "სენტა-პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი სამომავლოდაც გაგრძელდა მსგავსი ტენდენცია, საქართველოში საწვავის ფასი კიდევ დაიკლებს და ასე გაგრძელდება ზაფხულის განმავლობაშიც.

"საერთაშორისო ბაზარზე მომხდარი ცვლილებები ბაზარზე ასახვას ნამდვილად ჰპოვებს და გარკვეულწილად აისახა კიდეც. საქართველოს ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელი 1,50 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი 1,62 ლარია. საბითუმო ფასზე რამდენიმე თეთრით იაფია თვითღირებულება. ავტოგასამართ სადგურებზე ფასის კირექტირება სწრაფად მიმდინარეობს, უფრო მეტად მცირე აგს-ებზე. თუ ასე გაგრძელდება, საწვავი უფრო გაიაფდება და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ზაფხულის განმავლობაში კიდევ უფრო დაბალი ფასი გვექნება", - განაცხადა იაკობიძემ.

საწვავის ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ არაბრენდირებულ სადგურებშიც. რევაზ ხუციშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თბილისში მდებარე მცირე ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, საწვავის გაიაფება მომხმარებელზე დადებითად აისახა.

"ბოლო რამდენიმე დღეა, ბენზინისა და დიზელის ფასმა კლება დაიწყო. რასაკვირველია, ეს მომხმარებლისთვის კარგია. ისინი თანხას ზოგავენ და მეტსაც მოიხმარენ. მძღოლების დიდი ნაწილი სიიაფის გამო არაბრენდირებულ სადგურებს ხშირად სტუმრობს. ახლა ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენ არ გვაქვს უხარისხო საწვავი და არ აქვს მნიშვნელობა, ბრენდირებულ სადგურზე ჩაასხამ ბენზინს თუ არაბრენდირებულზე. საქართველოში ისეთი სოციალური მდგომარეობაა, ყოველ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს. საწვავზე ფასის კლება დადებით გავლენას იქონიებს მომხმარებელზე", - განაცხადა ხუციშვილმა.

ეკონომისტების ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარებით კმაყოფილი მაინც არ არის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობა არ არის თანხვედრილი მსოფლიო ქვეყნების ტენდენციასთან. მისი აზრით, ჩვენთან მაინც არაჯანსაღი მდგომარეობაა. ნავთობის ბაზარზე შემოსული ახალი კომპანიები კარგ ტანდემში აღმოჩნდნენ დიდ კომპანიებთან, რომლებსაც ბაზარი კარგად ჰქონდათ გადანაწილებული.

"მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენცია მყისიერად ვერ აისახება ქართულ ბაზარზე, თუმცა თუ შევხედავთ არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობის ღირებულებას, მათი საფასო პოლიტიკა უმსხვილესი იმპორტიორებისგან მკვეთრად განსხვავდება. აგს-ებსა და ბრენდირებულ სადგურებს შორის ფასის სხვაობა დაახლოებით 25 თეთრია 1 ლიტრ საწვავზე. არ არის გამორიცხული, ვიღაცას უფრო ნაკლები უჯდებოდეს ნავთობის შემოტანა ან ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს, მაგრამ გვაქვს სრულიად საპირისპირო მაგალითები.

ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი მცირე კომპანია, რომელიც ბაზარზე შემოვიდა და თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთი სადგური აქვს (არ დავასახელებ შეგნებულად, რომელ კომპანიაზე ვსაუბრობ), საწვავს იძენს იმ ბრენდირებული კომპანიის ნავთობბაზიდან, რომელიც საცალო ქსელში საწვავს 23-24 თეთრით უფრო ძვირად ყიდის, ვიდრე ეს არაბრენდირებული სადგური, რომელიც მათგან ყიდულობს საწვავს. ეს მცირე კომპანია წაგებაზე ხომ არ იმუშავებს? აქედან გამომდინარე, მსხვილ იმპორტიორს უზარმაზარი მარჟა უჭირავს. ასეთი მარტივი მაგალითებითაც კი ჩანს ის არაჯანსაღი სიტუაცია, რომელიც ბაზარზეა.

იმედი მაქვს, ახალი მოთამაშეების შემოსვლით ბაზარი უფრო გაჯანსაღდება, მაგრამ ერთი ძალიან სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება ბოლო დროს. შედარებით მომძლავრებული ახალი კომპანიები საკმაოდ კარგ ტანდემში აღმოჩნდნენ იმ მსხვილ მოთამაშეებთან, რომლებსაც ბაზარი კარგად ჰქონდათ გადანაწილებული. შეიძლება ითქვას, რომ თუ ბაზარზე გვყავდა 5 დიდი კომპანია, დღეს ამ კომპანიას კიდევ ერთი ახალი კომპანია შეემატა", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×