მარი გოცირიძე
13.06.2017

 რუსულმა ენერგოგიგანტმა "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ ელექტროტარიფების შესახებ დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მაინც დაიწყო. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებდნენ, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ რუსები სხვაგვარად ფიქრობდნენ.

რუსული ენერგოკომპანიის ნიდერლანდურმა შვილობილებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2 სარჩელი შეიტანეს. ერთი ჰესებს - "ხრამი 1"-ს და "ხრამი 2"-ს, მეორე კი, "თელასს" უკავშირდება. კომპანია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას არ მოჰყოლია ელექტროენერგიის ტარიფების შესაბამისი ზრდა, რის გამოც მათ ათეულობით მილიონის ზარალი მიადგათ.

როგორც "ინტერ რაოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნიკალაი გორელოვი აცხადებს, სარჩელი სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჰოლდინგში შემავალმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს და ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის საკომპენსაციო თანხას ითხოვენ. მოთხოვნილი თანხა 125 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა თანხა, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს.

"სარჩელი სასამართლოში ჩვენმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს. მათსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის საკომპენსაციო ზომები. 2016 წლის პირველი ნოემბრიდან 2017 წლის პირველ მაისამდე პერიოდში ეს თანხა შეადგენს 125 მილიონ დოლარს. სწორედ მის ანაზღაურებას ვითხოვთ, თუმცა ეს თანხა, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს", - განუცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გორელოვმა.

ქართული მხარე "ინტერ რაოს" საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში არგუმენტების წარსადგენად მზადაა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ "ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიების მოთხოვნა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

"სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ მაინც გადაწყვიტა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიემართა. სასარჩელო განაცხადი მივიღეთ, რომელიც ჯერ არ გვინახავს, რადგან ახლახან ჩაგვბარდა. არგუმენტების დეტალურად გაცნობის შემდეგ გვეცოდინება, რა კუთხით წავალთ. დავა შეეხება პრეტენზიებს როგორც "თელასის" ნაწილში, ასევე ხრამის სადგურების ნაწილში.

ისინი ითხოვენ კომპენსაციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, აბსოლუტურად სამართლიანი ტარფი აქვს "თელასს". ბუნებრივია, გვაქვს არგუმენტებიც.

რუსული მხარის პრეტენზიებს არ ვიზიარებთ, ვეცდებით, ჩვენი დავიცვათ. არის საკითხები, რაზეც პრინციპულად ვერ ვთანხმდებით, ტარიფები არის სამართლიანი და არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა" - ამბობს ვალიშვილი.

"ინტერ რაოს" ნაბიჯებს კატეგორიულად არ ეთანხმება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია. კომისიამ ტარიფები დაადგინა მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია ავსტრიელი კოლეგების დახმარებით. ამიტომ, შონიას შეფასებით, დღეს არსებული მეთოდოლოგია საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

"ჩვენ უარი ვთქვით ხელშეკრულებებით და მემორანდუმებით სატარიფო რეგულირებაზე. ძირითადი პრეტენზია ინვესტორს აქვს იმასთან მიმართებით, თუ რატომ არ ვარეგულირებთ ჩვენ მათთვის ტარიფს სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე", - აცხადებს შონია.

კომისია ტარიფებს მოქმედი მეთოდოლოგიით ითვლის, რადგან ესაა მიდგომა, რომლითაც ყველა გონივრული ხარჯია გათვალისწინებული.

"გაუგებარია, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ამ მეთოდოლოგიასთან ან ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით", - აღნიშნა სემეკის წევრმა.

საარბიტრაჟო დავისთვის მოსამზადებელი პროცესი ხანგრძლივია და დავის განხილვაც რამდენიმე თვეში არ დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×