ხარჯების ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის ნაცვლად, მთავრობამ ქამრები მოუშვა. მართალია, ამ მიზნით რამდენიმე სამინისტროდან თანამშრომლები დაითხოვეს, მაგრამ ამით არსებითად არაფერი შეცვლილა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დათხოვნების პარალელურად, გარკვეული თანამდებობის პირებმა გაცილებით მეტი ხელფასები და პრემიები აიღეს, რამაც ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა თავდაყირა დააყენა.
ერთი შეხედვით, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების მიმართულებით ხარჯი შემცირებულია, მაგრამ არა 10%-ით, როგორც ეს დაანონსებული იყო. ბიუჯეტის ამ ნაწილში სინამდვილეში ხარჯი 4%-ით შეამცირეს. სამაგიეროდ, საქონლის და მომსახურების მუხლის ნაწილში 107 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე შარშან.
ხარჯების ოპტიმიზაცია გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ დააანონსა. ითქვა, რომ ყველა უწყებას ხარჯები 10-10%-ით უნდა შეემცირებინა. ქამრების შემოჭერის შესახებ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ისმოდა. რეალობა კი ზუსტად ისეთია, რასაც ქართული ანდაზა ამბობს: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".
როგორც ვიცით, 2017 წლის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 1,393 მლნ ლარი, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 1,443 მლნ ლარს შეადგენდა. დასახული 10%-იანი ოპტიმიზაციის ნაცვლად, ხარჯი რეალურად 4%-ით არის შეკვეცილი. საქონლისა და მომსახურების კუთხით კი მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია. 2017 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილია 1,144 მლრდ ლარი, როცა შარშან იყო 1,037 მლრდ ლარი. ეს ნიშნავს, რომ ოპტიმიზაციის ნაცვლად, ხარჯი ამ მხრივ გაზრდილია.
საბოლოო ჯამში კი, 2017 წელს შრომის ანაზღაურებაზე, საქონელსა და მომსახურებაზე ბიუჯეტიდან დაიხარჯება 2,537 მლრდ ლარი, 2016 წელს ანალოგიური მიმართულებით ხარჯმა 2,486 მლრდ ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ დაზოგვის ნაცვლად ხარჯი 51 მლნ ლარით გაიზარდა.
ფაქტია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით დაპირება მთავრობამ არ შეასრულა. ყოველ შემთხვევაში, ციფრები ამის შესახებ არაფერს გვეუბნება.
2016 წლის ბოლოს ასევე დაანონსდა საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის მიხედვითაც, უწყებას ბიუჯეტი აღარ დააფინანსებდა. მიუხედავად ამისა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ორივე მიმართულებით თანხები კვლავ გათვალისწინებულია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ადასტურებს, რომ მთავრობამ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით დაპირება არ შეასრულა.
"ვიცით უამრავი ფაქტი, რომ თავდაცვის, შსს და განათლების სამინისტროებიდან ათასობით ადამიანი დაითხოვეს, მაგრამ მთლიანობაში ხარჯის შეკვეცა მაინც ვერ მოახერხეს. მართალია, ხალხი სამსახურიდან გაუშვეს, მაგრამ იმავდროულად სახელფასო ფონდში არ შემცირებულა, სავარაუდოდ, დარჩენილ თანამშრომლებს გაეზარდათ ანაზღაურება. მიუხედავად მკაცრი დაპირებებისა და ნაბიჯებისა, რაც გულისხმობდა ქამრების შემოჭერას, 10%-იან ეკონომიას თავი მაინც ვერ მოაბეს. სამწუხაროა, რომ ამას შეეწირა გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილები. ხალხი გაუშვეს და გეგმა მაინც ვერ შეასრულეს.
თვითმიზანი არ არის რომელიმე ორგანიზაციის რესტრუქტურიზაცია და სხვისთვის მიერთება, თუ ის წარმატებულია და თავის ვალდებულებას ასრულებს, მაგრამ გვაქვს ფაქტები - ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობა ნამდვილად არ არის გამართლებული. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუკი სტრუქტურას გააუქმებდნენ. ერთი ორგანიზაცია ინვესტიციების მოსაზიდად სავსებით საკმარისია და არ არის საჭირო, სხვადასხვა სამინისტროს ქოლგის ქვეშ რამდენიმე სსიპ-ი მუშაობდეს ანალოგიური მიმართულებით", - აცხადებს ჭარაია და დასძენს, რომ ხარჯების შემცირების საკითხს მთავრობა თავიდანვე არასწორად მიუდგა, რასაც საბოლოოდ ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილი შეეწირა და ოდნავადაც ვერ შეცვალა რეალობა, რისთვისაც მიიღეს ზომები.
"სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი საქართველოში ყოველთვის მტკივნეულია. სავსებით შესაძლებელია, რომ, სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, სუსტი რგოლი დარჩეს და საკადრო ცვლილებას პროფესიონალები შეეწირონ. გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლების შემცირების ხარჯზე ეკონომია გაეწიათ და ამით ლარის კურსი დაესტაბილურებინათ, თავიდანვე არასწორი იყო. ის თანხა თუ ხელფასის სახით არ დაიხარჯა, სხვა მიმართულებით გადაამისამართეს და სხვა საქმეს მოხმარდა.
10%-იანი ოპტიმიზაცია მაინც ვერ მოგვცემდა ლარის გამყარების შესაძლებლობას. ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით დიდია, რომ დასტყობოდა ის მინიმალური თანხა, რის დაზოგვასაც თანამშრომლების დათხოვნით მოახერხებდნენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭარაიამ.
მთავრობის მიერ განხორციელებული ოპტიმიზაციის გეგმას უარყოფითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი. მისი აზრით, მთავრობამ ხარჯების ოპტიმიზაცია თავიდანვე არასწორად დააანონსა.
"პირველ რიგში, უნდა გაერკვიათ, რომელი სამინისტრო არის უფუნქციო და რომლის გამსხვილებაა შესაძლებელი. სისტემური მიდგომა არ ჩანდა და შედეგი რეალურად ვერ მივიღეთ, ანუ არ იყო გადაწყვეტილი, რა მაჩვენებლით შეძლებენ ხარჯების შეკვეცას, საამისოდ ვის რა შესაძლებლობა ექნებოდა.
პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრობა სინამდვილეში არც ყოფილა ხარჯების ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული. არც ახლა მჯერა, რომ ამ კუთხით სისტემურ ცვლილებებს გაატარებენ. სახელმწიფო სექტორში ისეთი სსიპ-ებია, რომელთა ნახევარზე მეტი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს. ჩვენი ტიპის ქვეყანას ამდენი სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება და შემცირება ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
სანამ ხარჯების ოპტიმიზაციაზე მიდგება საქმე და თანამშრომლების გაშვებას დაიწყებენ, სასურველია, თქვან, რა ტიპის რეფორმის გატარებას აპირებენ. რა თქმა უნდა, უდავოა, რომ შტატები ხელოვნურად გაბერილია ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებაში, მაგრამ ისიც საეჭვოა, რამდენად სამართლიანად მოხდა კადრების გაშვება, ნეპოტიზმი ხომ არ იყო", - აცხადებს ყიფიანი და დასძენს, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ დაპირებები წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა, რაც ამომრჩეველთა ხმების მიღებას ემსახურება. ეს ყველაფერი საქმის კეთებისგან ისევე შორსაა, როგორც გადასახადების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის წინასაარჩევნო შეუსრულებელი დაპირება.