"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ოცნება" სხვა მეთოდით ცდილობს მედიის გაკონტროლებას"
თიკო ოსმანოვა
13.06.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ მედიასივრცეში მორიგი ვნებათაღელვა და გადაადგილება დაიწყო, რაც, მედიაექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების ინტერესზე მიუთითებს და ცუდი პროცესების დაწყებას პროგნოზირებენ.

"ჩვენ ამ პროცესს თუ ხელი არ შევუშალეთ, გვექნება ცუდი მდგომარეობა", - ამბობს ყოფილი ჟურნალისტი ანი მიროტაძე.

შეგახსენებთ, რომ ვნებათაღელვაა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. არხი, შესაძლოა, რამდენიმე ცნობილმა ჟურნალისტმა დატოვოს. არსებული ინფორმაციით, ნატა მახვილაძე "იმედში" გადადის, ზაალ უდუმაშვილი კი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ასევე საუბარია ჟურნალისტ ქეთი კვაჭანტირაძის წასვლაზეც.

რაც შეეხება არხის გენერალურ დირექტორს, როგორც ცნობილია, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. არხის მფლობელების - ძმებ ყარამანიშვილების განცხადებით, კი ფინანსური კრიზისის დაძლევის გეგმა შეიმუშავეს და გვარამიას ხვალვე შეუძლია, განაახლოს ტელეკომპანიაში მუშაობა.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან მიზანმიმართული სიცრუე.

"სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ", - აღნიშნულია ყარამანიშვილების განცხადებაში.

ტელეკომპანია "მაესტრომ" კი ადგილმდებარეობა შეიცვალა და "იმედის" შენობაში გადავიდა, თანაც რეგიონული ბიუროები დახურა და რეგიონის თანამშრომლები სამსახურის გარეშე დატოვა. მოხდება თუ არა მათთვის დარჩენილი ხელფასების და კომპენსაციის გადახდა, უცნობია. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა არაფერი იციან.

უფრო მეტიც, ბიუროს დახურვის შესახებ პარასკევ საღამოს შეატყობინეს, რაც მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართულ მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესს ხედავს ანი მიროტაძე და ცუდი მოვლენების დაწყებას პროგნოზირებს.

"ჩემთვის ეს პროცესები მოსალოდნელი იყო და ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდი. მაშინ ტენდენციაც იყო და აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მიდიოდა კონტროლი ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე.

"ის, რომ მენეჯმენტი ერთი ჰყავს "მაესტროს", "იმედს" და "ჯი-დი-ესს," ყველასთვის ცნობილია, ერთიანი ჰოლდინგია. გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ესეც მოსალოდნელი იყო. როგორც ცნობილია, ქონება დაყადაღებულია და არხის განვითარება ვერ ხერხდება. ამან კი, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა იმ პროცესებთან, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

"თუმცა ეს არის ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს - "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის" შემდეგ წარმოშობილი ოპოზიციური ურთიერთობა მოსალოდნელი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გავლენა ამ არხზე ჰქონდათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც გადანაწილდნენ "ევროპულ საქართველოში".

"პროცესები მიდის იქითკენ, რომ არხზე დაიწყებენ ისევ ფინანსური რესურსების მობილიზებას და ალბათ გავლენას ისევ სააკაშვილი შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, გვარამია ლოიალური იყო მეგობრების მიმართ, რომლებიც გადაბარგდნენ "ევროპულ საქართველოში" და ასეთმა დამოკიდებულებამ შეიწირა მისი თანამდებობა.

"არა მგონია, მხოლოდ ფინანსების გამოა ჩამოშორებული "რუსთავი 2"-დან. აქ უფრო პოლიტიკური სარჩულია, მით უმეტეს, რომ მოახლოებულია არჩევნები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მიროტაძე.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ოცნება" სხვა მეთოდებით ცდილობს მედიის სრულ გაკონტროლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

"ასევე, გეტყვით, რომ 17 ივლისს მეორე არხი ასრულებს მუშაობას გაურკვეველი ვადით. არადა, ის ერთადერთი არხი იყო, სადაც ოპოზიციას პოლიტიკური ტრიბუნა ჰქონდა დათმობილი და მაშინ, უნდა გითხრათ, რომ ამაში აქტიურად იყო ჩართული არა მხოლოდ ოპოზოცია, არამედ დიპლომატიური კორპუსი.

"როგორც ჩანს, ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ასე არახელსაყრელია, მაგრამ რა არის ხელსაყრელი, ესეც არ ვიცი, კონცეფცია არ მინახავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ოცნება" სხვა მეთოდით ცდილობს მედიის სრულ გაკონტროლებას, რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე.

"არ შეიძლება ამ ყველაფრის შეგუება, ვფიქრობთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. იცით, რომ მედიის თავისუფლების ინდექსში ჩამოვვარდით, ორი პუნქტით უფრო დაბალ პოზიციაზე გადავედით. ჩვენ ამ პროცესს ხელი თუ არ შევუშალეთ, გვექნება ცუდი მდგომარეობა", - გვითხრა მიროტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×