რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) 13 ივნისის სტიქიიდან ორი წელი გავიდა. თბილისის მერია ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს დეტალურად აღწერს. მერიის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. სამუშაოები თბილისის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

მერიის ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. სტიქიას ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა .

მერიის ინფორმაციით, შემოწირულობების შეგროვების მხრივ, პრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა.

„სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს, ასევე „ქართუ ჯგუფის" მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ 250 ათას ლარს. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა და დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმა 35 ბინის მიღება შეძლეს" , - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლის მიზეზად, ძლიერი წვიმა და უხვი ნალექი სახელდება. ეპიცენტრები სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×