(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას „NBA"-ის ჩემპიონობას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ზაზა ფაჩულია არის სიმბოლო,როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც მთავარი სპორტი და გულშემატკივრის სიყვარულია.
„მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა. თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის მედალი გადაეცეთ" , - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის, „NBA"-ის გამარჯვებული გახდა.
ქართველი კალათბურთელის გუნდმა, „გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.