რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) თურქეთში სამუშაოდ გამოკითხული 15-17 წლის არასრულწლოვნების 86 % დადის. ისინი ხშირად საზღვარს მშობლის გარეშე კვეთენ. არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში გურიასა და აჭარაში 16-დან 22 წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობენ. კვლევის დროს, ხუთმა რესპონდენტმა აღიარა, რომ დასაქმების ადგილზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კვლევის მიხედვით, ჩაის ან თხილის პლანტაციებში დასაქმებული მოზარდების დიდი უმრავლესობა 9 საათს ან მეტს მუშაობს. კვლევის ორგანიზატორების თქმით, ბავშვების ან მოზარდების შრომით საქმიანობაში ჩაბმის ინიციატორები მშობლები არიან.

ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალური აგენტები ან სოფლის რწმუნებულები თურქეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდის საქმიანობით არ ინტერესდებიან, სათანადოდ არ კონტროლდება საზღვარზე მათი მიმოსვლის ვადები და სკოლის წარმომადგენლები ასეთ დროს გაცდენებზე არ რეაგირებენ.

„არასრულწლოვნები შრომით ექსპლუატაციას მასობრივად არ განიცდიან, ასეთი შესაძლოა 100-დან 20 % იყოს. იგულისხმება არანორმირებული სამუშაო საათები, რაც ტრენდია. არასრულწლოვნები 9 საათზე მეტს მუშაობენ, რაც ყველა გამოკითხულმა აღნიშნა" , - განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგი აღნიშნავს,რომ არასრულწლოვნებისთვის თურქეთში მუშაობის მოტივაცია არის ფინანსური სარგებელი. ისინი დღეში საშუალოდ 40-50 ლარს იღებენ. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მეორე ფაქტორი არის ფსიქოლოგიური, ისინი მიდიან სამუშაოდ და ამით სურთ მოიპოვონ დამოუკიდებლობა ოჯახისგან. ისინი თანხას ხარჯავენ ტანსაცმელში, ასევე მობილური ტელეფონების შეძენაში და ეხმარებიან ოჯახს სურსათის მარაგის დაგროვებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×