ნათია ლომიძე
14.06.2017

 საქართველოში სახელმწიფოს შიდა ვალი მაღალი პროცენტების ხარჯზე იზრდება. პრობლემაა ის, რომ ხშირად მთავრობა ნასესხებ ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შიდა ვალს ფინანსთა სამინისტრო მარტივად განკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალზე 5-6-ჯერ ძვირია.

საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500,4 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 23,2%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, საშინაო ვალის ნაშთი 2 მილიარდ 154 მილიონი ლარი იყო, 2017 წლის მაისში კი ვალის მოცულობა 2 მილიარდ 655 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

შიდა ვალმა ძირითადად სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემის შედეგად მოიმატა. 2016 წლის მაისში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთის მოცულობა 1 მილიარდ 995 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი 2 მილიარდ 159 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის ნაშთს, ხელისუფლება ამბობს, რომ აქ ტენდენცია შემცირებისკენ წავიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთი 495,8 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 7 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის მაისისთვის სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის მოცულობა 502,8 მილიონ ლარს შეადგენდა.

შიდა ვალის ზრდის მიზეზებს აუდიტის სახელმწიფო სამსახურმაც მიაქცია ყურადღება. ამ უწყების ანგარიშის თანახმად, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ვალის მობილიზების ტენდენცია, რის შედეგადაც საბიუჯეტო წლის ბოლოს მოსალოდნელი იყო საშინაო ვალის ზღვრული ლიმიტის დარღვევა. საშინაო ვალის გადაჭარბება გამოწვეული იყო საგარეო რესურსების შემცირებით.

სახელმწიფოს მიერ აღებული შიდა ვალი, წესით და რიგით, სხვადასხვა პროექტს უნდა ხმარდებოდეს, თუმცა ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, პირადი ინტერესებისთვის იხარჯება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ შიდა ვალი საგარეო ვალზე გაცილებით ძვირია, ხოლო მისი რესურსი, ხშირ შემთხვევაში, გამოუყენებელი.

"როდესაც სახელმწიფო იღებს საგარეო ვალს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან (მაგალითად: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), მას აქვს მიზნობრიობა. სესხს გასცემენ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, იქნება ეს ინფრასტუქტურა თუ სხვა. იმ თანხას სხვა მიზნით ვერ გამოიყენებ და აუცილებლად შესაბამის პროექტს უნდა მოხმარდეს.

შიდა ვალის შემთხვევაში ასეთი დათქმა არ არსებობს და მთავრობისთვის სწორედ ეს არის "მომგებიანი". იღებენ და ხარჯავენ თავიანთი შეხედულებისამებრ. ამ დროს შიდა ვალი 5-6-ჯერ ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი, რადგან ჩვენთან სახაზინო ვალდებულების განაკვეთი 10-12%-ს აღწევს. როდესაც შიდა ვალს იღებს სახელმწიფო, ამ ფულს ბანკიდან სესხულობს, ხოლო როდესაც ბანკები გარანტირებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს იღებენ, მათ სესხის გაცემის პრობლემა არ აქვთ.

გარდა ამისა, საშინაო ვალის ზრდა ცუდია ეკონომიკისთვისაც. სახელმწიფო ბანკებს იმ რესურსს ართმევს, რომელიც მათ ბიზნესის სტიმულირებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ესე იგი, მთავრობისკენ გადამისამართებული ფული ეკონომიკას არ ხმარდება. ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯება შემდეგ ეს ფული. შიდა ვალი ხელისუფლებისთვის იმიტომაა "მომგებიანი", რომ ადვილად იყენებენ და შეზღუდვის გარეშე ხარჯავენ. ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ ბანკებისგან სესხულობენ ფულს", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×