უცხოელ მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის დაწესების შემდეგ მთავრობა აგრარულ სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, შეიცვლება მიდგომა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში ახალი ბიძგი მიეცემა.
უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მორატორიუმის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს დეპუტატები დაჩქარებულად განიხილავენ. პროექტის ავტორი და ინიციატორი "ქართული ოცნების" 40 დეპუტატია.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით შემუშავდება სწორი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც შემდეგში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაიწყებენ. საქართველოში მიწა უნდა გახდეს იმდენად ღირებული, რომ მისგან სარგებელი, კონკრეტულ მფლობელთან ერთად, სახელმწიფომაც მიიღოს.
კონკრეტულად, რა სახის სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას და რა იქნება მთავარი ჩანაწერი კანონპროექტში, "რეზონანსის" კითხვებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული პასუხობს.
"რეზონანსი": რამდენად უკავშირდება მორატორიუმი "მიწის კოდექსის" დამუშავებას? რეალურად არის სხვა ფაქტორიც, რის გამოც უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით მორატორიუმი უკვე მეორედ გამოცხადდა?
გელა სამხარაული: ჩვენ ვაცხადებთ მორატორიუმს და ახლა საკანონმდებლო ცვლილებას ველოდებით. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცდილობს, რომ მიწასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება სათანადოდ ასახოს საქართველოს კონსტიტუციაში. მნიშვნელოვანია, რომ მიწა არ გასხვისდეს უცხოელზე და მისი ფლობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყოს შესაძლებელი.
"რ": კონსტიტუციის ჩანაწერთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ მას ემატება ახალი ნორმა მიწის სტატუსთან დაკავშირებით, რას გულისხმობს იგი?
გ.ს: დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. პროექტში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული კონტროლი მიწის სტატუსიდან გამომდინარე.
"რ": სავარაუდოდ რა პერიოდი დასჭირდება მიწის კოდექსის შემუშავებას და ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული?
გ.ს: საშემოდგომო სესიიდან ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ. ფართოდ გავშლით ამ თემას და შევქმნით "მიწის კოდექსს", რომელიც გამოადგება ქვეყანას და მიწის თითოულ მესაკუთრეს. ამ ეტაპზე გამიჭირდება დასახელება, კონკრეტულად რა ვადა დასჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის მუშაობა და სხვა დრო პარლამენტს, ფაქტობრივად, არ რჩება.
ცხადია, აკრძალვა არ მოიცავს მხოლოდ მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხს, სერიოზულად არის ვითარება შესასწავლი, რის შემდეგაც შესაბამისი პოლიტიკა უნდა გატარდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ "მიწის კოდექსზე" მუშაობის პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს და გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი აზრი, რომელსაც სპეციალისტები შემოგვთავაზებენ.
"რ": თქვენი ოპონენტების მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ გაისმა, რომ აკრძალვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულებას კიდევ უფრო გააუფასურებს, არის თუ არა ეს საფრთხე გათვალისწინებული?
გ.ს: არ მგონია, რომ მიწა გაუფასურდება, პირიქით, ნელ-ნელა მან მეტი ღირებულება შეიძინა. რაც მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობა, მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ღირებულება შემცირდება, ასე ნამდვილად არ არის. ვგეგმავთ, რომ დამატებითი პროექტები განვახორციელოთ და ეს იქნება მოსახლეობისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მეტი აქტივობა იყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. თუკი აქამდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწები არ იყიდებოდა, უკვე მისი პრივატიზაციაც გახდება შესაძლებელი.
"რ": არსებული მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 5% არის უცხოელებზე გასხვისებული, ძირითადად, რა ინვესტიციები განახორციელეს მათ, ყველაზე ხშირად რა მიზნით ყიდულობდნენ მიწას საქართველოში?
გ.ს: სულ რამდენიმე შემთხვევა ვიცი, სადაც გარკვეული ინვესტიციებია ჩადებული, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს არის ღირებული რამ აგრარული სექტორისთვის. შეგნებულად არ მინდა, ვისაუბრო უცხოელ ინვესტორებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენი მიწების მიმართ ინტერესს იჩენენ. ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა და მცირერიცხოვანი ერი.
ცნობილია, რომ დაახლოებით 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი მოდის თითოეულ მოსახლეზე საქართველოში. ცხადია, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შეგვწევს ძალა, რომ მივხედოთ საკუთარ მიწებს და შევქმნათ დოვლათი, სად რა რესურსია და რისი მოყვანაც შეგვეძლება. გარდა იმისა, რომ ეს მოსახლეობის დასაქმებაში შეგვიწყობს ხელს, ეკონომიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა აგრაული სექტორის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამიტომ პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრება გახდეს და არ გასხვისდეს უცხოელებზე.