მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ახალგორში ქართველების შევიწროება დაიწყება
ეკატერინე ბასილაია
14.06.2017

 "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ქართველების მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის და ქართველების სახლებშიც შეასახლებენ ოსებს და ასევე ეცდებიან ქართული სკოლების გაუქმებას, საქართველო კი ამას, სამწუხაროდ, წინ ვერ აღუდგება და ვერაფერს დაუპირისპირებს.

"ძალა აღმართს ხნავს. რაც არ უნდა პროტესტი გამოვთქვათ, როგორ დონეზეც არ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი, ამის გაკეთებას მაინც მოინდომებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდებიან", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"რეზონანსი": ახალგორიდან ძალიან ბევრი ქართველი წეროვანში ცხოვრობს და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცარიელ სახლებში ოსების შესახლებას გეგმავს. შესაძლოა, ცხინვალისა და სოხუმის მსგავსად, ახალგორშიც წაართვან ქართველებს ბინები?

მამუკა არეშიძე: რასაკვირველია, შეიძლება ეს ვიხილოთ. მგონია, რომ ახალგორის შემთხვევაში მაინც შეიძლება, თავი შეიკავონ, რადგან იქ, ასე თუ ისე, მიმოსვლა არის, მაგრამ ახალგორის სოფლებში, ზნაურის რაიონში, სადაც სახლები გადარჩა, ოსები აუცილებლად შესახლდებიან. ეს სამწუხარო რეალობაა.

"რ": გარდა ამისა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა იცის, რომ ახალგორის ქართულ სკოლებში რუსულ სწავლებაზე, რუსულ მოდელზე უნდა გადავიდეს სწავლება და ქართული რიგით საგნად დარჩეს. გამოდის, ქართული სწავლება, გალის მსგავსად, უკვე ახალგორშიც აიკრძალება?

მ.ა: ძალა აღმართს ხნავს. რაც არ უნდა პროტესტი გამოვთქვათ, როგორ დონეზეც არ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი, ამის გაკეთებას მაინც მოინდომებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწვალა ქართულმა მხარემ, წინა ხელისუფლების დროსაც, ქართულ ენაზე სწავლება გალში შენარჩუნებულიყო, არ მოხერხდა. გალში მოსახლეობის აფხაზიზაცია მიმდინარეობს, ამის მცდელობა ნამდვილად არის. თან ისტორიულად ამის პრაქტიკაც ამ რეგიონში აქვთ.

ახალგორს რაც შეეხება, იქ ცოტა უფრო სხვაგვარადაა საქმე, უფრო რთულადაა პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მცდელობას არ მოაკლებენ.

"რ": ცხინვალის რეგიონის წინა დე ფაქტო პრეზიდენტები საერთოდ არც აპროტესტებდნენ ახალგორში ქართულ სკოლებს. უნდა ველოდოთ, რომ ბიბილოვი ისეთივე ანტიქართველი იქნება, როგორიც არის ხაჯიმბა აფხაზეთში, სადაც მისი მმართველობის დროს ყველაზე მეტად დამძიმდა სხვადასხვა მიმართულებით ქართველების მდგომარეობა?

მ.ა: კი, ქართველების შევიწროება დაიწყება. ჯერჯერობით მასშტაბურად არ ვვარაუდობ, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ეცდება, ნელ-ნელა შეცვალოს ვითარება, საგანმანათლებლო დარგი იქნება თუ სხვა.

ბიბილოვი კლასიკური კარიერისტია და დამახასიათებელია ის, რომ იგონებს თემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად პატრიოტი გამოჩნდეს თავისი საზოგადოების თვალში. ამიტომ დიდ ინიციატივას ავლენს, ოსურ ენაზე მზრუნველის იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ არ მგონია, ძალიან აგრესიული ნაბიჯებით დაიწყოს.

რომ გითხრათ, ოსური ენის შესწავლა განსაკუთრებულ დონეზეა აყვანილი-მეთქი ცხინვალში, ეს ასე არ არის და ურჩევნია, თავის ენას მიხედოს. არა მარტო საკუთარი საზოგადოების, არამედ თავისი კურატორების თვალშიც სურს გამოჩნდეს განსაკუთრებულ მზრუნველად და სწავლება გადაიყვანოს რუსულ ენაზე.

უბრალოდ საქმე ის არის, რომ ცხინვალსა და ახალგორს შორის კომუნიკაცია ცოტა რთულია სიშორის გამო და ცხინვალს ისეთი კონტროლი ახალგორზე ვერ ექნება, როგორიც სოფლებზე. ეს არ ჰქონიათ საბჭოთა პერიოდშიც კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×