სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ამიტომ უცნობია, მოხდება თუ არა უახლოეს მომავალში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება.
"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა შოთაძის უწყებას ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელიც განხორციელების რამდენიმე ვადასა და ვარიანტს მოიცავს. წამოვა თუ არა ამ მორიგებაზე პროკურატურა, უცნობია.
"რეზონანსი" ცდილობდა მათთან დაკავშირებას, თუმცა უშედგოდ. პრესსამსახური დაგვპირდა ინფორმაციის გარკვევას, მაგრამ შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. თავად დაზარალებულები კი ჯერ სრულად მათ დაკმაყოფილებას ითხოვენ და შემდეგ დათანხმდებიან ციხიდან რჩეულიშვილების გათავისუფლებას.
გურამ რჩეულიშვილის თქმით, პირობები თავმოყრილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც განხორციელების რამდენიმე ვადასა და ვარიანტს მოიცავს. მისივე თქმით, დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული გარანტიები და ვადები, თუ რა როდის უნდა განხორციელდეს.
"ჩვენ პროკურატურას შევთავაზეთ სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ობიექტის დამთავრებას. ეს სამუშაო გეგმა ეხება რამდენიმე მიმართულებას.
"შიგნით ჩადებულია გარანტიები, მოცემულია ასევე ვადები და მითითებულია წყაროები, თუ საიდან შეიძლება იყოს მობილიზებული რესურსები. რამდენად მალე ჩაერთვება ახლა ამ პროცესში სახელმწიფო და რამდენად დაიცავს ჩვენს ინტერესებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება დაზარალებულთა დაკმაყოფილება.
"ახლა გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი აქტივები მოვახმაროთ ამის დამთავრებას. შეთავაზებული გეგმები რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, თუ როდის უნდა დასრულდეს გეგმის განხორციელება", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
კითხვაზე, რა დახმარებას ელის სახელმწიფოსგან, გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის - ფინანსურისა და ასევე - ქონებაზე ყადაღის მოხსნისგან.
"ჩვენი წინაპირობა - გარანტიების შესწავლის შემდეგ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება და შემდეგ უკვე არჩეული გეგმის განხორციელების დაწყება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
"ცენტრ-პოინტის" საქმის ადვოკატ მარიან ცუცქირიძის თქმით, გეგმა შეტანილია და ახლა პასუხი პროკურატურაზეა.
"გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას წარუდგინა თავისი სამოქმედო გეგმა: თუ რომელი ობიექტი რითი უნდა დასრულდეს, სახელმწიფოს მხრიდან რისი დახმარება სჭირდება და ა.შ.
"ერთი სიტყვით, თუ როგორ აპირებს ყველა დაზარალებულის დახმარებას, ეს არის ბიზნეს-გეგმა, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა. ახლა ველოდებით პასუხს თვითონ პროკურატურისგან. ინვესტორების ვინაობა, ვინ რა თანახს იხდის და რის სანაცვლოდ შემოდის, აი ეს ყველაფერი გაწერილია ამ გეგმაში", - გვითხრა ცუცქირიძემ.
"რეზონანსის" კითხვაზე, რა ვადიანია ეს გეგმა და სრულად მოხდება ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება? იგი გვპასუხობს: "ზუსტი დრო გაწერილი არ არის. გეგმა დაყოფილია ობიექტებად. მაგალითად, რამდენიმე კატეგორიის ობიექტია - არის მარტივი, საშუალო და რთული ობიექტები.
"მარტივ ობიექტში მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებია დასამთვარებელი და ექსპლუატაციაში შესვლა სჭირდება. ასე რომ, თუ საპროცესო გაფორმდა და თანხები მოძიებული იქნება, რამდენიმე თვეში დასრულდება.
"მეორეა საშუალო, სადაც რამდენიმე სართულია აშენებული, მას იმაზე ბევრი სამუშაო სჭირდება, ვიდრე პირველ კატეგორიას. მესამე ეტაპია, სადაც მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი და სხვა არაფერი.
"ეს გეგმა იმ პირობით არის შეტანილი, რომ პროკურატურაში რაღაც პერიოდი დააკვირდნენ, რომ რეალურია ეს შეთანხმება და ნამდვილად დაიწყება სამუშაოები და როდესაც დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი მიდის გეგმის თანახმად, შემდეგ უნდა მოხდეს მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება.
"იმიტომ, რომ ერთ და ორ წელიწადში სრულად შეიძლება, ვერ დაკმაყოფილდეს ყველა დაზარალებული. თუ 3 წელი დააკვირდნენ და მერე გამოუშვეს, ისედაც მოიხდიან სასჯელს", - გვითხრა ადვოკატმა. მისივე თქმით, მაია რჩეულიშვილი ისევ ციხის საავამდყოფოში რჩება და მედიკამენტურ მკურნალობას გადის.
თავად დაზარელებულები კი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, ჯერ დაკმაყოფილებას ითხოვენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თანხმობას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და მოხდეს მათი გათავისუფლება.
"არც მიფიქია, ოდესმე თუ წავიდოდნენ ციხეში. ძალიანაც კი მეცოდებიან, მაგრამ მეც დაზარალებული ვარ, დამაკმაყოფილონ და მერე გამოვიდნენ. თანხის სრული დაფარვა მაქვს, 61 ათას 500 დოლარი მაქვს გადახდილი, დამიბრუნან და თუ უნდა, დღესვე გამოუშვან.
"ნდობის ფაქტორი აღარ მაქვს, იმიტომ, რომ აქამდეც ძალიან ბევრს გვპირდებოდნენ და არაფერი შეუსრულებიათ. ავადმყოფი და პენსიონერი ქალი ვარ, რამდენჯერმე შევხვდი, ვთხოვე დახმარება, მაგრამ უშედეგოდ და ახლა რისი ნდობა უნდა მქონდეს?!
"2006 წელს შევიტანე ფული და დავიწყე თანხის გადახდა კრწანისის ობიექტზე, მაგრამ პროკურორმა, ვინც დაზარალებულის სტატუსი მომცა, მითხრა - ეს მკვდარი ობიექტია და გადმომიყვანა მარიჯანის ობიექტზე, აქაც ჰაერში ვარ. 9 სართულია აშენებული, მე კი მე-13 სართულზე მაქვს ბინის ფული გადახდილი", - უთხრა "რეზონანსს" ერთ-ერთმა დაზარებულმა ირმა ჯულაყიძემ.
მის აზრს იზიარებს კიდევ ერთი დაზარალებული: "გარკვევით ეუბნება პროკურატურა, რაც უნდა გააკეთონ, მაგრამ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის. აქედან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი ვარ. სანამ ნაბიჯი არ გადაიდგმება დამაჯარებელი, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია.
"გეგმა რა შუაშია?! სად არის ადამიანი, ინვესტორი, ვინც ამას ხელს მოჰკიდებს. მათი გეგმებით 2012 წლიდან აქამდე მოვედით. ასე რომ, არანაირი ნდობა არ გაგვაჩნია და საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არ ვართ.
"მომხრე ვართ იმისა, რომ ჩამოერთვას ქონება, მოხდეს ამის კონფისკაცია და შესაბამისმა სხვა ორგანოებმა აქტივები გადაიფორმონ. ყადაღის მოხსნასაც არ ვენდობით, რადგან რომ მოხსნიან, მერე გასხვისდება სხვა ადამიანზე, როგორც ადრე მოხდა და მერე ის აქტივებიც აღარ შეგვრჩება, რითაც შეიძლება, მოხდეს ჩვენი დაკმაყოფილება", - გვითხრა კიდევ ერთმა დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ "ცენტრ პონტის" საქმის 4-წლიანი დავა ცოტა ხნის წინ დამფუძნებლებისთვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა. სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერავლიშვილი, რომელიც, მისი დისგან განსხვავებით, ამ დრომდე პატიმრობაში არ იმყოფებოდა, მაია რჩეულიშვილი კი განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე დააპატიმრეს.