"ადამიანების გამოშვებით პრობლემა კი არ გადაწყდა, პირიქით, კიდევ უფრო დრამატულად გამოჩნდა - მთელი სიგრძე-სიგანით გამოჩნდა, რომ სერიოზულ დრამასთან გვაქვს საქმე.
"რეპერების დაკავებასთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა მათ გამოშვებასთან დაკავშირებით ახალი კითხვები გაჩნდა. კიდევ უფრო მძიმე არის საქმე, ვიდრე აქამდე ჩანდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც "მუსიკოსების საქმესა" და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.
გია ხუხაშვილი: ის, რომ მოხდა რეპერების გათავისუფლება, ჰუმანური აქტია და ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ბერას ჩათვლით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამან სახელმწიფოებრივი პრობლემა კი არ გადაწყვიტა, პირიქით, მთელი სიგრძე-სიგანით წარმოადგინა და გამოჩნდა, რომ სერიოზულ დრამასთან გვაქვს საქმე.
მათ დაკავებასთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა მათ გამოშვებასთან დაკავშირებით კიდევ ახალი კითხვები გაჩნდა. კიდევ უფრო მძიმე არის საქმე, ვიდრე აქამდე ჩანდა.
ამ საქმეში მთავარი არაადეკვატური განცხადება მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, შედარებით ლოგიკური იყო კალაძის განცხადება. კვირიკაშვილმა ნარკოლიბერალიზაციაზე დაიწყო საუბარი. არადა, ამ ადამიანების დაკავებაში მთავარი პრობლემა არა ნარკოპოლიტიკა, არამედ ჩადების ინსტიტუტია.
ნარკოპოლიტაკაზე საუბარი მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს. რა ლიბერზალიცია არ უნდა მოხდეს, როცა ჩადების პრობლემა ვერ მოგვარდება - ათასი რაღაცის ჩადება შეიძლება. აი, ეს არის მთავარი პრობლემა და როგორ აპირებენ ამის გადაწყვეტას, ამაზე ხმას არ იღებენ.
გარდა ამისა, გაძლიერდა კითხვები სასამართლოსთან. როგორ შეიძლება, ერთ დღეს მიიღოს ერთი გადაწყვეტილება და ერთი პირის განცხადების შემდეგ, რომელსაც არაფორმალური გავლენა აქვს, შეცვალოს გადაწყვეტილება.
"რეზონანსი": ე.ი. აქ გამოჩნდა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი?
გ.ხ: ამ ადამიანების გამოშვებით პრობლემა კი არ გადაწყდა, პირიქით, კიდევ უფრო დრამატულად გამოჩნდა.
"რ": ჩადების პრობლემა რომ არსებობს, ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, გარდა ამისა, ამ ადამიანების დაკავება, თქვენი აზრით, რას უკავშირდებოდა რეალურად - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას თუ ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რა მუხლითაც ახლა საქმეს პროკურატურა იძიებს?
გ.ხ: ყველაფერი ერთად იყო. კონკრეტულად, რაღაცის თქმა გამიჭირდება, ამაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, იმიტომ, რომ ამ ადამიანების გარეთ ყოფნა ავტომატურად ნიშნავს ვიღაცის დასჯას. თუ რაღაც არ დაუშავებიათ, ე.ი. დააშავა იმან, ვინც მათ მიმართ უკანონო ზომები მიიღო.
ახლა აქ დანაშაულის მთელი ბუკეტია - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ერთია, მეორეა უფლებამოსილების გადამეტება, ამას ბევრად უარესი ჰქვია, მაგრამ მაინც... უფლებამოსილების გადამეტება ნიშნავს, ერთ-ორს რომ შემოარტყამ ვიღაცას. ადამიანს სამუდამოდ პატიმრობაში რომ უშვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მძიმე დანაშულთან გვაქვს საქმე.
"რ": გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ დანაშაულთან?
გ.ხ: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც სისტემური შველა სჭირდება. აქ ახლა რამდენიმე ადამიანის დაკავება, როგორც "განტევების ვაცად", არაფრის მომცემი იქნება, რადგან დანაშაული ატარებს სისტემურ ხასიათს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დგება.
იმიტომ, რომ როდესაც სისტემაში დანაშაულების კასკადი ხდება, მინიმუმ, ცუდ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე, თუ უარესთან არა.
სახელებისა და გვარების შეცვლა, ვიღაცის გადაყვანა-გადმოყვანა არ არის პრობლემიდან გამოსავალი. რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სახელი და გვარი მეორით რომ შეიცვლება, პრობლემები თუ ისივე დარჩა. სისტემური ცვლილებებია საჭირო, მაგრამ საქმე ის გახლავთ, ცალკე აღებული პროკურატურასა და პოლიციაში ამის გაკეთებას აზრი არ აქვს.
"რ": ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო?
გ.ხ: პოლიტიკური ნება არ არსებობს, თან არაფორმალური ადამიანების მმართველობით პრობლემების მთელ ბუკეტს ვიღებთ არა მარტო სამართალდამცავ სისტემაში, არამედ სასამართლოშიც.
აბსოლუტურად არაადეკვატური იყო პრემიერ-მინისტრი. ხალხი ლაპარაკობდა ჩადებაზე, ეს კიდე - ნარკოლიბერალიზაციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირიკაშვილი ამ ქვეყანაზე არ არის. შედარებით ნორმალური განცხადება გააკეთა კახი კალაძემ. პრობლემების ორივე მხარე მიმოიხილა, თუმცაღა ეჭვი მაქვს, მან ეს განცხადება გააკეთა ბერას განცხადების შემდეგ.
"რ": ამით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა?
გ.ხ: ბევრია ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ მან ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვა. მაგრამ თბილისელი ამომრჩეველი არ არის ისეთი მარტივი, რომ არ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. კი, ბატონო, ვიღაცამ შეიძლება, ამისთვის მადლობა გადაუხადოს, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა და მისი ეს ნაბიჯი არავის ემახსოვრება.