ეკატერინე ბასილაია
14.06.2017

 ორ კვირაზე მეტია გასული, რაც თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურა მას დაზარალებულად არ ცნობს.

უფრო მეტიც, აფგან მუხთარლის ადვოკატის თქმით, საგანგაშოა ის, რომ გატაცების საქმეზე დაკითხულია 200 მოწმე, ოღონდ ამ მოწმეებიდან არავის არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის. ასევე კითხვებს აჩენს ის, რომ გამოძიების მასალებში საერთოდ არ ფიგურირებს "ოპელის" მარკის ავტომობილიც, რომლითაც, მუხთარლის მტკიცებით, ის გაიტაცეს.პროკურატურასთან პრეტენზიები არა მარტო მუხთარლის ადვოკატს, არამედ იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს აქვთ და ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტსა და მის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, პროკურატურის უმოქმედობა ადასტურებს იმას, რომ ის მიკერძოებულია, რომ ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს არ სურთ ობიექტური გამოძიების ჩატარება და იმის დადგენა, როგორ მოხდა ამ ადამიანის გატაცება და გაყვანა აზერბაიჯანში.

"ჩვენ ამიტომ ვაკრიტიკებთ ჩვენს პროკურატურას და ვერჩით ხელისუფლებას, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები, რომ ეს ადამიანი ასე ნივთივით არ გაეტაცებინათ და ახლა პროკურატურა არაფერს აკეთებს, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად რომ წარიმართოს.

"ამის დასტურია ისიც, რომ დღემდე ამ ადამიანს დაზარალებულად არ ცნობენ. ფაქტია, რომ ადამიანი ჩვენს ტერიტორიაზე იყო და გაქრა, დაიკარგა. მისი მეუღლე ამას ასაჩივრებს და მინიმუმ დაზარალებულად ცნობას რა უნდა, მაგრამ ცდილობენ, თავი დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან, რომელშიც დარწმუნებული არიან, რომ მათაც მიუძღვით ბრალი", - აღნიშნავს მუხაშავრია.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატი მუხთარლისა და მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამჯერად უკვე სასამართლოსგან ითხოვს.

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შესაბამისი განცხადება გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს საბოლოო პასუხი 15-დღიან ვადაში გახდება ცნობილი. როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს კანონით გათვალისწინებული იმ უფლებებით სარგებლობისა, რითაც დაზარალებულები სარგებლობენ.

ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალები მხოლოდ გუშინ გადაეცა და მისი გაცნობის შემდეგ უფრო საგანგაშო მდგომარეობა გახდა ცნობილი. მაგალითად, გაირკვა, რომ 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ნაცვლად, მომხდარზე ძიება მიმდინარეობს უფრო მსუბუქი, პირველი ნაწილით, რაც ადამიანის თავისუფლების აღკვეთას არადამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ დაკითხულია 200-მდე მოწმე, მაგრამ ისეთი მოწმეები, რომლებმაც საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან.

მისი თქმით, ერთ-ერთი ვიდეოს ტექსტობრივ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზუსტად არის გადაღებული და დაფიქსირებული, თუ როგორ ჯდება მუხთარლი სამარშრუტო ტაქსიში და მიემგზავრება საცხოვრებელი სახლისკენ. ასევე მასალებში არ ჩანს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც მუხთარლი გაიტაცეს. ასევე საქმეში არ დევს ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერის ჩანაწერები.

"მესამე კვირა მიდის და პირველივე კვირას მზად იყო საფუძვლები იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი ჰქონოდა ამ ადამიანს, ვინაიდან მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ყველა, გარდა პროკურატურისა, თანხმდება იმაზე, რომ ეს ადამიანი მართლაც დაზარალდა ამ გატაცების შედეგად.

"დღემდე წერილობითი პასუხი, სამწუხაროდ, ჩვენს არც ერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით ამ საქმეს, კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ, მაგალითად, დაკითხულია 200-მდე მოწმე, 4 ტომია საქმე და დაკითხულია ისეთი მოწმეები, ვინც არაფერი იცის ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს, ჩვენი აზრით, გამოძიების დროის ფუჭი ხარჯვაა", - აცხადებს ჩოფიკაშვილი.

მისივე თქმით, მათ შთაბეჭდილება რჩებათ, გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ არ ჩატარდეს გამოძიება.

აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". საია-ის იურისტები მთავარი პროკურატურისგან ითხოვენ პასუხს, რატომ არ გადაიბარა უწყებამ საქმე და რატომ არ მიენიჭათ აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას არ მოუსმენია პოზიცია მთავარი პროკურატურისა, ერთი - რატომ არ ხელმძღვანელობს გამოძიებას და რატომ არ გადადის პროკურატურის უშუალო მართვაში ეს გამოძიება და მეორე, რატომ არ მოხდა, მიმართვის მიუხედავად, გატაცებული ჟურნალისტის მეუღლის დაზარალებულად აღიარება.

"ამ საკითხებზე ჩვენ არ მოგვისმენია განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს", - აცხადებს სულხან სალაძე.

ცნობისათვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის მალევე აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს და ამჟამად ბაქოში 3-თვიან წინასწარ პატიმრობაშია. აზერბაიჯანის პარალელურად, გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, საგამოძიებო უწყება ადეკვატურად არაფერს აკეთებს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ ყველა საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვა შეიძლებოდა და არა ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებსაც არაფერი დაუნახავთ.

"ამაშიც ვლინდება მიკერძოება და ის, რომ პროკურატურა ობიექტური გამოძიების ჩატარებით დაინტერესებული არ არის", - აღნიშნავს მუხაშავრია.

მუხაშავრიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატებს უკვე უნდა მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და მიეთითებინათ, რომ ეს ადამიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი. ასევე ევროსასამართლოსთვის უნდა მოეთხოვათ აზერბაიჯანისთვის გარანტიების ჩამორთმევა იმაზე, რომ ეს ადამიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არ გახდება.

"როდესაც აქ პროკურატურა არაფერს არ აკეთებს და არ ვიცით, აზერბაიჯანში რა ხდება ამ ადამიანის თავს, ძალიან საშიშია, ის წამების მსხვერპლი არ გახდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ მოთხოვნის რაც შეიძლება დროულად დაყენება ევროსასამართლოში.

"მართალია, ამ ადამიანის საქართველოში ექსტრადიციის საკითხი ვერ დადგება, ის უკვე გადაცემულია, მაგრამ ის შეიძლება, რომ ოჯახმა გარანტიები მოითხოვოს იმაზე, რომ ჟურნალისტს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკი არ დაუდგეს", - მიიჩნევს მუხაშავრია.

ის ამბობს იმასაც, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა ადამიანის გატაცება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს. მუხაშავრიას თქმით, მედიამ, იურისტებმა და სამოქალაქო სექტორმა აქტიურად უნდა გააგრძელოს ამ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა.

"ხვალ არავინ არ არის დაცული, იგივე არ დაემართება, საქართველოში ტყვეებით, ადამიანებით ვაჭრობა უნდა დასრულდეს. ეს სამარცხვინოა. რამდენი საქმე უნდა წააგოს საქართველომ სტრასბურგში, რომ ეს საშინელი პრაქტიკა დასრულდეს?!

"ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ბოლომდე მივყვეთ და იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა მოვითხოვოთ, ვისი გადაწყვეტილებითაც ეს გატაცება მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს. აუცილებლად უნდა დადგეს შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც", - დასძენს მუხაშავრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×