მარიხუანისა და კანაფის მოხმარებაზე ლიბარალური კანონის მიღება იგეგმება
გვანცა ღვედაშვილი
14.06.2017

 ხელისუფლება მარიხუანისა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე ალაპარაკადა. აღნიშნულ საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და "ქართულ ოცნებას" ნარკოლიბერალიზაციის საკითხებზე მუშაობა დიდი ხანია, დაწყებული აქვს. შესაბამისად, ეტაპოვრივად ხდება ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საბოლოოდ მივა იქამდე, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები კი არ ისჯებოდნენ, არამედ ხდებოდეს მათი მკურნალობა.

მთავრობის მხრიდან ამ საკითხის გააქტიურება დიდი ალბათობით, სწორედ "ბირჟა მაფიას" წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას უკავშირდება, რომელებიც გასულ კვირაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, სასამართლომ გირაოს თავდებით წინასწარი პარიმრობიდან გაათავისუფლა.

ამასთან, მომღერლების ჩვენებაზე დაყრდნობით, თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. მომღერლების თქმით, მათი დაკავება უკავშირდება ერთ-ერთ ვიდეორგოლს, რომელშიც გაშარჟებულია პოლიცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქვეყნის სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემები, რომლებსაც მნიშვნელოვნად აღრმავებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

სწორედ მისი შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

როგორც საპარლამენტო სხდომაზე უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის მიმართულებით 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების კუთხით გუნდმა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.

"სხდომაზე მსჯელობა გვექნება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკის რეფორმა. ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია პარლამენტში და უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს, რომელიც საკანონმდებლო სფეროში განხორციელდება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მოსახლეობას ნარკოტიკების ზიანისგან, რომელიც ასევე იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე.

"პროექტი, რომელშიც არანაირი კომპრომისი არ იქნება ნარკოტიკების ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულზე, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ოთხივე სვეტის განვითარება, ვინაიდან წარმატებული ნარკოპოლიტიკა მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე, პრევენციასა და სამართალდამცავთა ქმედებების ეფექტურ ურთიერთქმედებაშია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"რეზონანასთან" საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობას არ გაზრდის. მისი თქმით, თითქმის ერთი წელიწადია, მარიხუანის პირადი მიზნით მოხმარება პრაქტიკულად უკვე დეკრიმინალიზებულია, თუმცა პროკურატურის მიერ ნარკოტიკული საშულებების ამოღების შედეგად, მარიხუანის წილი არ გაზრდილა.

"მხოლოდ მარიხუანის ლიბერალიზაცია ვერაფერს იზამს, თუ იმ პაკეტს მივიღებთ, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტი წარადგენს, სადაც საუბარია ყველა ნარკოტიკზე, მაშინ დიახ, რადგან არავისთვის მარიხუანა არ ჩაუდიათ, თუ ჩაუდიათ, ესეც დასამტკიცებელია.

"თუ უდებენ, ისეთ ნარკოტიკს უდებენ, როდესაც ხდება აღმოჩენა ისეთი რაოდენობით, რომლიც ძალიან მცირე რაოდენობის ქონაც 8, 15 წლით და უვადო პატიმრობას იწვევს.

"ყოველ შემთხვევაში, შეწყდება თუ არ შეწყდება, მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ამას სისტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს და პარლამენტის მტკიცე პოზიციაა, რომ ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იყოს და მკაცრად იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს.

"ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენცია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს და სისტემურობაში არ გადაიზარდოს, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო გამოყენებული. ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება ნამდვილად არ არის. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერენ.

"2012 წლის შემდეგ საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა საქართველოში და ვიცით, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთათვის ერთ-ერთი ლიბერალურია ევროპის მასშტაბით. ჩვენი პოზიციაა, რომ უფრო მეტი ლიბერალიზმი არ არის მისაღები. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ მოვისმენთ წარმოდგენილ ინიციატივას. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა გიგა ბუკიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×