ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ მკაცრად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს
გვანცა ღვედაშვილი
14.06.2017

 "თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ამას სისიტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს და პარლამენტის მტკიცე პოზიციაა, რომ ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იყოს და მკაცრად იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს."

აღნიშნულ განცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "რეზონანსთან" იმ კანონპროექტის შეფასებებისას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ქონა პატიმრობას აღარ გაითვალისწინებს. რაც თავისთავად იმ პრეცედენტებსაც გააქრობს, როცა ადამიანებს ნარკოტიკებს უდებდნენ და ამ მიზეზით აპატიმრებდნენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მარიხუანის ლიბერალიზაციის მიზეზებზე და კანონპროექტისადმი სკეპტიკურად განწყობილთა მოსაზრებებსაც შეეხო, რომელთა აზრითაც, ლიბერალიზაცია მარიხუანის მომხმარებელთა ზრდას გამოიწვევს.

აკაკი ზოიძე: ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც აქვს დამატებითი ელემენტები ლიბერალიზაციის კუთხით.

საუბარია, რომ მარიხუანის მცირე ოდენობა განისაზღვროს 150 გრამამდე, ასევე დადგენილია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მარიხუანის მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ ისჯება.

"რ": როდის განიხილავს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს?

ა.ზ.: კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, ჩვენმა კომიტეტმა მხარიც დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს გამოვა. დღის წესრიგში ჩასმულია და ზუსტად როდის მოხდება მიღება, ამას ვერ გეტყვით.

"რ": კანონპროექტს მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მარიხუანისა და კანაფის მოხმარებაზე ლიბერალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ლიბერალიზაციით მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა მართლაც მოიმატებს?

ა.ზ.: მე შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ერთი წელიწადია, მარიხუანის პირადი მიზნით მოხმარება პრაქტიკულად დეკრიმინალიზებულია.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და რეალურად მოხმარების რაოდენობის გაზრდა არც პროკურატურის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებიდან შეიმჩნევა.

ერთადერთი ის არის, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებიდან 60%-დან 62%-მდეა მომატებული მარიხუანის წილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პრაქტიკულად განსხვავება არ არის. შესაბამისად, არც ამის შემდგომ მოიმატებს მარიხუანის მომხარებელთა რაოდენობა, რადგან გარკვეული პრევენციული ზომებიც მოიაზრება ლიბერალიზაციასთან ერთად.

"რ": აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობაზე...

ა.ზ.: აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდება საგაზაფხულო სესიის პირობებში, თუმცა აქაც იქნება იგივე მიდგომა, რომ პირადი მოხმარების მიზნით შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ქონა პატიმრობას არ დაექვემდებარება.

ნარკოდამოკიდებული ადამიანი უნდა დაექვემდებაროს არა დასჯას ციხეში, არამედ - მკურნალობასა და პრევენციას. ასევე, უნდა განისაზღვროს ყველა სახის ნარკოტიკზე მცირე და დიდი ოდენობები, როგორც ეს დღეს რამდენიმე სახეობაზეა.

ამით დიდი შეღავათი იქნება და შესაძლებელი იქნება გათავისუფლდნენ კიდეც პატიმრობიდან ის ადამიანები, რომლებიც სამი აბი ექსტაზის გამო დღეს ციხეში სხედან. ეს არის ძირითადი არსი იმ საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს განახორციელოს.

"რ": როგორ ფიქრობთ, აღნიშნული კანონპროექტის მიღება გააქრობს თუ არა პრეცედენტებს, როდესაც ადამიანების დასაჭერად ნარკოტიკული საშუალებების ჩადება გამოიყენებოდა?

ა.ზ.: მხოლოდ მარიხუანის ლიბერალიზაცია ვერაფერს იზამს, თუ იმ პაკეტს მივიღებთ, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტი წარადგენს, სადაც საუბარია ყველა ნარკოტიკზე, მაშინ - დიახ. რადგან არავისთვის მარიხუანა არ ჩაუდიათ, თუ ჩაუდიათ, ესეც დასამტკიცებელია.

თუ უდებენ, ისეთ ნარკოტიკს უდებენ, როდესაც ხდება აღმოჩენა ისეთი რაოდენობით, რომლიც ძალიან მცირე რაოდენობის ქონაც 8, 15 წლით და უვადო პატიმრობას იწვევს.

ყოველ შემთხვევაში, შეწყდება თუ არ შეწყდება, მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ამას სისტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს და პარლამენტის მტკიცე პოზიციაა, რომ ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იყოს და მკაცრად იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს.

ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენცია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს და სისტემურობაში არ გადაიზარდოს, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო გამოყენებული. ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×