(რეზონანსი) „ბირჟა მაფიას" საქმეზე გიორგი პავლიაშვილის, იგივე რეპერი მასტერის გამოკითხვა დაიწყო.
პავლიაშვილო ადვოკატის გარეშე რამდენიმე წუთის წინ შევიდა თბილისის პროკურატურაში. უწყებაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მზად არის.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის შეკითხვები მასსა და ერთ-ერთი რეპერის, გიორგი ქებურიას შორის მიმოწერას შეეხება.
„გავაკეთე განცხადება, რომ „ბირჟა-მაფიას" წევრებიდან ერთ-ერთთან, გიორგი ქებურიასთან მქონდა კონტაქტი. ალბათ, გამოძიება ამით დაინტერესდა. მიმოწერა იყო ასეთი შინაარსის, რომ შეიძლება დაეჭირათ და ალბათ, ეს აინტერესებთ", - განაცხადა მასტერმა.
რეპერები გიორგი ქებურია და მიშა მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 12 ივნისს გათავისუფლდნენ. მიშა მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. ამასთან, ბრალდებულს ჩამოერთმევა საზღვარგარეთის პასპორტი. გიორგი ქებურია კი სასამართლომ 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.