"სხვა ქვეყნები ხშირად იხილავენ იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რომლებსაც გაუქმებული აქვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი შენგენის ზონაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან."
ამის შესახებ "რეზონანსთან" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, შემდეგმა რომელმა ქვეყანამ შეიძლება, სავიზო რეჟიმი გაგვიუქმოს.
"რეზონანსი": რამდენად იმოქმედებს ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის საქართველოსთვის მონიჭება სხვა ქვეყნებზე, რათა მათაც მოგვიხსნან სავიზო რეჟიმი?
ვანო ჩხიკვაძე: როგორც წესი, ამას გადამდები ეფექტი აქვს. სხვა ქვეყნები ხშირად იხილავენ იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რომლებსაც გაუქმებული აქვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი შენგენის ზონაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
აქედან გამომდინარე, თუ სხვა ქვეყნების პრაქტიკას ვნახავთ, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს გაითვალისწინონ და გაგვიუქმონ სავიზო რეჟიმი. თუმცა ამაზე ლაპარაკი ახლა მხოლოდ თეორიულად შეიძლება და დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
"რ": რა სახის პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის სარგებლობის უფლება მოიპოვოს?
ვ.ჩ.: ამ შემთხვევაში ევროკავშირი სხვა შემთხვევა იყო, რადგან მასში შემავალ ქვეყნებს ერთიანად ვესაუბრებოდით, მაგრამ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ეს არის ინდივიდუალური განხილვების საგანი, რომელიც, როგორც წესი, ორმხრივობის პრინციპს ემყარება.
ანუ, როგორც წესი ქვეყნები ორმხრივად აუქმებენ სავიზო რეჟიმს. მაგალითად, საქართველო და ნებისმიერი სხვა ქვეყანა თუ მოილაპარაკებს სავიზო რეჟიმის გაქუმებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი დადგება პოლიტიკური დღის წესრიგში, თუ თანხმობა იქნა მიღწეული, ამის შემდეგ ორმხრივობის პრინციპით ხდება სავიზო რეჟიმის გახსნა.
"რ": რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიღების ყველაზე დიდი შანსი?
ვ.ჩ.: ეს ალბათ უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა ვკითხოთ, რადგან სად და რომელ ქვეყნებთან დგება პოლიტიკური კონსულტაციები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ.