თამარ ვეფხვაძე
15.06.2017

 კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით დაძაბულობა მატულობს. ხელისუფლება ფრთხილობს, მაგრამ დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, რეალური საფრთხე იგრძნო ბიზნესმა და ამიტომ დაუფარავად ითხოვს ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას.

ქვეყნის წამყვანი ბიზნესგაერთიანებები მიიჩნევენ, რომ ეს მუხლი არსებული რედაქციით უნდა შენარჩუნდეს, რადგან იგი აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.

"მნიშვნელოვანია საქართველოში უნიკალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და განმტკიცება. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, გაიზარდოს თუ არა მათი გადასახადები", - აცხადებენ ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებმა ერთობლივ პერსკონფერენციაზე.

კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღებას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი. როგორც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად.

"მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ და გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედია, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების" წევრები 94-ე მუხლთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებს 19 ივნისს პარლამენტში სადისკუსიოდ იწვევენ. დეპუტატები უკან დახევას არ აპირებენ და საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმებას დაჟინებით ითხოვენ.

"მოგეხსენებათ, პარტიამ "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" მიმართა საკონსტიტუციო კომისიას აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების მოთხოვნით. პარლამენტს, მთავრობას, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური შეზღუდვა იმისათვის, რომ აწარმოოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევის პირობებში, საყოველთაო ინტერესის შესაბამისად ტრანსფორმირდება. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიული და არამართებულია.

ჩვენი მხრიდან საუბარი არ არის გადასახადების დაუყოვნებელ ზრდაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში არ არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის, მთავრობის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარისა და საზოგადოების ადეკვატური ინფორმირება, ვიწვევთ ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებს, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სადისკუსიო ფორმატში", - აცხადებენ დეპუტატები.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან არსებულ ვითარებას. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი მნიშვნელოვანია და არწმუნებს ინვესტორებს, რომ გადასახადები არ გაიზრდება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ეს ჩანაწერი არ არის სრულყოფილი.

"ამ მუხლს გააჩნია ჩანაწერი, რომელიც გადადის ორგანულ კანონზე, სადაც აღწერილია გამონაკლისები. მუხლი არ არის სრულყოფილი და გამონაკლისების მიმართულებით ბევრი ცვლილების გაკეთებაა შესაძლებელი.

ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ბიზნესკლიმატი მნიშვნელოვანია და მის გაუმჯობესებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამასთან, კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთადერთია, სადაც ასეთი მუხლია", - ამბობს ქუმსიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×