ერთადერთი საფრთხე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას უკავშირდება
მარი ჩიტაია
15.06.2017

 ლარმა წონასწორობის ნიშნული იპოვა და, სავარაუდოდ, მთელი ზაფხული 2,40-2,43-ის ფარგლებში იტრიალებს. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ეს დიაპაზონი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. ფინანსისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით სავალუტო რყევას აღარ უნდა ველოდოთ.

ბოლო პერიოდში ლარი საკმაოდ სტაბილურია და ამას ხელს უწყობს რეგიონში შექმნილი ვითარებაც. მეზობელ ქვეყნებშიც გაუფასურების ტალღამ გადაიარა და ყველგან სიმშვიდეა. აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებით ამჟამად 1,68-ზეა, როცა 1 თვის წინ 1,70-ის ნიშნულზე იყო. თურქული ლირა შესამჩნევად გამყარდა და 3,62-დან 3,51-ზე ჩამოვიდა. სტაბილურია უკრაინული გრივნა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დოლართან მიმართებით 26-ის ფარგლებშია. კარგად გამოყურება რუსული რუბლიც, რომლის კურსიც კარგა ხანია, 57-იან ნიშნულს აღარ გასცილებია. როგორც ვხედავთ, ზოგიერთი ვალუტა არათუ სტაბილურია, არამედ გამყარდა კიდეც.

საბანკო სფეროს ექსპერტ გოჩა თუთბერიძეს მიაჩნია, რომ ლარმა ამ დროისთვის გარკვეულ ზღვარს მიაღწია და რაიმე ცვლილება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

"ბოლო პერიოდში ლარის რყვეა არ შეინიშნება, რაც სავალუტო ბაზრის დასტაბილურებაზე მეტყველებს. ამ დროისთვის მან იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი. განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. ტურისტული სეზონი აქტიურდება, ვალუტის შემოდინება იზრდება და ფულადი გზავნილებიც მატულობს.

თუ მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას არ შეუდგება, ლარი დღევანდელ სტაბილურობას შეინარჩუნებს. მეტი გამყარება არც არის სასურველი. ქართული ექსპორტისთვის უმჯობესია, რომ იყოს სტაბილურობა. ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, რათა არ წარმოიქმნას გარკვეული შიში გაუფასურებასთან ან გამყარებასთან დაკავშირებით", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

მიზეზი, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს კურსის სტაბილურობას, ექსპერტის შეფასებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ქმედებებს უკავშირდება.

"კურსზე გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და სებ-ის გადაწყვეტილება, გაზრდის თუ არა ფულის მასას მიმოქცევაში. ერთიც და მეორეც ვალუტის სტაბილურობისთვის ხელის შემშლელია. ვფიქრობ, არც ცენტრალური ბანკი არ გადადგამს ასეთ ნაბიჯს. მთავარია, საქართველოს მთავრობამ არ შეგვიშალოს ხელი, უფრო ეს ფაქტორი მაშინებს", - აცხადებს თუთბერიძე.

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო ფაქტორები აღარ იმოქმედებს, ერთადერთი საეჭვო მომენტი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას უკავშირდება. ფინანსისტ ნიკა შენგელიას ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ამერიკაში საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატოს, რაც იქნება მცირე გამოცდა ლარისთვისაც.

"ამჟამად ჩვენი ვალუტა სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების სესხები ხშირად იცვლება, მან თავისი ნიშნული მაინც შეინარჩუნა. ლარს ბოლო პერიოდში აქვს სტაბილურად ერთი საყრდენი და ეს ნამდვილად პოზიტიურია. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საგარეო ფაქტორს, რადგან, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთმა მოიმატოს ამერიკაში. უკვე გაკეთდა განცხადება, რომ სექტემბერშიც მოხდება განაკვეთის ზრდა.

ასეთ ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 16 ივნისიდან ლარის კურსი დიაპაზონს შეიცვლის და 2,41-2,45-ის ფარგლებში იმერყევებს. თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ მიიღებს ზომებს და დოლარის ინდექსი შენარჩუნდება, ქართულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება. ეს ბაზარს უახლოეს დღეებში დაეტყობა. რაც არ უნდა იყოს, გაუფასურება მინიმალური იქნება", - აცხადებს შენგელია.

მიუხედავად ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობისა, ფინანსისტი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ჯერ კიდევ საეჭვოა.

"კურსი სამომავლოდ დამოკიდებული იქნება საგარეო ფაქტორებსა და ექსპორტ-იმპორტის სალდოზე. ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა, რასაც ემატება ფულადი გზავნილების ზრდა და სებ-ის მხრიდან უკეთესი მონეტარული პოლიტიკა.

ვიმედოვნებდით, რომ ოთხშაბათამდე დოლარი წამყვანი ვალუტების მიმართ შესუსტდებოდა და ასეც მოხდა. ამ ეტაპზე ველოდები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას, თუ საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით აიწევს, ეს სავალუტო კურსს დიდად არ დაეტყობა, თუმცა 50 საბაზისო პუნქტის შემთხვევაში, დოლარის ინდექსი მოიმატებს და ეს ლარზე აუცილებლად აისახება", - განმარტავს შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×