ზაალ უდუმაშვილი ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს
თიკო ოსმანოვა
15.06.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღებში გააკეთებს. როგორც ცნობილია, იგი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს.

ამბობს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით ის ოფიციალური განცხადების შემდეგ ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, თუმცა კანდიდატებთან დაკავშირებით ძირითადი კონტურები უკვე გამოკვეთილია.

ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

საკუთარ გადაწყვეტილებასა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებზე "რეზონანსი" ზაალ უდუმაშვილს გაესაუბრა.

ზაალ უდუმაშვილი: არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღებში გამოვაცხადებ.

"რეზონანსი": თუმცა ამასთან დაკავშირებით ხომ ისედაც ცნობილია, რომ თქვენ იქნებით "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი?

ზ.უ: ოფიციალურად ასეთი დასტური არ ყოფილა და მეც უახლოეს დღებში გამოვაცხადებ.

"რ": და მაინც, რას ფიქრობთ თქვენს კონკურენტებზე - კახი კალაძეზე, ალეკო ელისაშვილსა და ელენე ხოშტარიაზე?

ზ.უ: ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. არ არიან ჩემი კონკურენტები, როდესაც გახდებიან, მერე ვისაუბროთ.

ვერ გაძლევთ კომენტარებს, სანამ ოფიციალურად არ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. რომ ვთქვა, ხომ ყველა კითხვას აზრი დაეკარგება. ამიტომ რამდენიმე დღე მაცადეთ და შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრებ.

"რ": და მაინც, რამდენად რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება?

ზ.უ: იოლი ნამდვილად არ არის. ძალიან სერიოზული ცვლილებაა ჩემთვის.

"რ": რაც შეეხება მოლოდინს, გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი?

ზ.უ: კიდევ იმავეს ვიმეორებ, ჯერ გადაწყვეტილება არ გამომიცხადებია და რა მოლოდინზე უნდა ვისაუბრო.

"რ": მაშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გკითხავთ, ნიკა გვარამია დარჩა თუ არა თანამდებობაზე?

ზ.უ: ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორია, ისევე როგორც იყო, ის აგრძელებს მუშაობას.

"რ": რაც შეეხება ფინანსურ კრიზისს, მოძიებულია თუ არა შესაბამისი თანხები და ამ პრობლემებიდან გამოსვლის გზები?

ზ.უ: კონკრეტული ფინანსური გეგმაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან უახლოეს დღეებში და ამ გეგმის მიხედვით ვიმუშავებთ ჩვენც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×