სოსო ცისკარიშვილი გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე აკეთებს აქცენტს
თიკო ოსმანოვა
15.06.2017

 "არსებობს ინფორმაცია, რომ საკითხი დგას ასე - დარჩება თუ არა თანამდებობაზე დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე?! პროპორციული სისტემის აუცილებლობა, მისი მრავალწლიანი თეორიული გამოცდილება არცთუ ადვილი გამოდგა პრაქტიკაში.

"რამაც მას აიძულა ეთქვა, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩება კონსტიტუციაში, მაშინ ის დატოვებს თანამდებობას. ამ პროცესის დასასრულზე შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი ექნება ერთადერთ მოქალაქეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებსა და მაჟორიტარების აჯანყებაზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ჩვენს მხედველობას გამოაკლდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაგმენტი - პოლიციელი ქუჩაში. რას აკეთებენ კაბინეტებში, ჩემთვის არ არის ცნობილი.

მაგრამ ქუჩაში უამრავი დარღვევაა პოლიციელის თვალწინ, რომელზეც არ რეაგირებენ. ან ბრძანება აქვთ, რომ არ ჩაერიონ არანაირ გარჩევაში, რასაც ქუჩაში დაინახავენ, ან ეს არის პოლიტიკა, დახოცონ ერთმანეთი, ჩვენ რა?!

ამიტომ, თავად საზოგადოებაც უფრო პასიური გახდა, ქუჩის გარჩევისას ადამიანები ერთმანეთს გააშველოს. ასეა თუ ისე, ეს მიმანიშნებელია - თავის ადგილზე, საკუთარ თანამდებობაზე შესაფერი ადამიანები არ ფლობენ იმ სავარძლებს, რომლებიც მათთვის უცხოა.

ერთადერთი, რაც დღევანდელ სამართალდამცველებს დახვდათ, ეს არის მუდმივი მითითება - სიტუაცია უარესი იყო ყოფილი ხელისუფლების დროს.

მაგრამ, როდესაც ვაკვირდებით და ვიხსენებთ წარსულს, ვადარებთ დღევანდელობას, მიყალიბდება ძალიან პრიმიტიული პოლიტიკური არითმეტიკის ამოცანა - "ნაციონალურ მოძრაობას" გამოვაკლოთ ცოცხები, უდრის "ქართულ ოცნებას".

ბევრი ახლობელია დღევანდელ პარლამენტში. მათ წინაშე შეიძლება, ბოდიშიც მოვიხადო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, არ გავა დღე, რომ რამე ახალი შფოთი არ იყოს გავრცელებული, შემდგომ - კომენტირებული, შემდეგ გარჩევის საგანიც გამხდარა და უფრო ხშირად საზოგადოება რჩება მოტყუებული, იგნორირებული. ძალიან მაღალი ინტერესის მქონე საკითხები არის მავნებლურად გაჭიმული.

"რ": რას იტყვით "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებასა და ბერას განცხადების შემდეგ გათავისუფლებაზე?

ს.ც: გარკვეული მცდელობაა ჩვენი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ აქცენტი გააკეთონ ახალ კანონზე, ნარკოლიბერლიზაციაზე, რაც სრულიად მიუღებელია.

უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად მკაფიოდ აყალიბებს თავის მიდგომას ჩვენი ახალგაზრდობის აქტიური ნაწილი, რამაც სრულიად ბუნებრივია, რომ შეაშფოთა ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი და ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ თურმე არ არის საჭირო, ყველა საკითხზე მოვიხსენიოთ და მოვიძიოთ ბატონი ბიძინა. ამისთვის საკმარისია მისი პოპულარული ვაჟის მიერ დაწერილი 2-3-სიტყვიანი ფრაზაც.

ბატონი ბერა, მიუხედვად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, ბევრად უფრო შორსმჭვრეტელია. არა მხოლოდ რეპერი და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, თუნდაც ქვეცნობიერად. და რასკავირველია, განიცდის საკუთარი მამის ქმედებების მიმართ უამრავი კრიტიკული ფრაზის მოსმენის გამო.

"რ": ის, რომ ჩადების პრობლემა არსებობს, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ გარდა ამისა, ამ ადამიანების დაკავება, თქვენი აზრით, რას უკავშირდებოდა რეალურად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას თუ ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რა მუხლითაც ახლა საქმეს პროკურატურა იძიებს?

ს.ც: დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომლებმაც დააპტიმრეს ეს ორი ახალგაზრდა ხელოვანი, საერთოდ არ გაუგიათ, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვა და გამოხატულება.

ისინი არიან შემსრულებლები სრულიად უკანონო მითითებისა და საზოგადოებას მიეცა უკვე უტყუარი საბუთი იმისა, რომ ასე ჩადება შარვლის ჯიბეში არის საუბედურო გადმონაშთი წინა ხელისუფლებების ანალოგიური სამსახურების საქმიანობისა.

"რ": და რატომ გაიცა ასეთი უკანონო ბრძანება?

ს.ც: რასაკვირველია, ეს არის ერთმანეთის გახელება ჩაკეტილ სივრცეში - ეს რა გვაკადრეს, ეს როგორ გაგვიბედეს. დაჰკარ მაგას! - ალბათ გაისმა ასეთი ლოზუნგი ამ საკითხის გარჩევის დასასრულს. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში აზრის გამოთქმის თავისუფლების ტერმინი არ გაუგონიათ და არც არასოდეს გაუვლიათ თავში, რომ მოდი, ახლა მე ვიტყვი სიმართლეს.

ჩვენ მოწმენი ვართ უკვე მოტივირებული და ორგანიზებული ფიქტიური ქმედებებისა. გვახსოვს, რომ პირველივე სერიოზული განცხადებებისას საუბარი იყო არა იმაზე, ბრალდებულები სამართლიანად დაისაჯნენ თუ არა, არამედ იმაზე, რომ საჭიროა ნარკოლიბერალიზაცია.

ამ თემის გადატანა ახალ კანონმდებლობაზე არის სერიოზული ფარსი, რომ დაიმალოს ძირითადი დანაშაული, რაც ჩაიდინა სამართალდამცველთა გარკვეულმა ჯგუფმა.

"რ": რაც შეეხება ე.წ. მაჟორიტარების საკითხს, თქვენი აზრით, "ოცნებაში" დაწყებული "პოლიტიკური ვაჭრობა" სადამდე მიიყვანს პარტიას?

ს.ც: რამე განსაკუთრებული მოულოდნელობა ასეთი რეალობის დამყარებისა არ არსებობდა. რადგან, ჯერ ერთი, დაივიწყა პარლამენტმა საკუთარი დაპირება, რომ 2020 წელს აღარ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა.

როდესაც ამ ხაზს გადაუხვევ და პრინციპულობას დაივიწყებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ვიღაცამ თავი დაგიხაროს, დაგეთანხმოს და მერე გადაგიდგეს და საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს.

რატომ დუმდა აქამდე მაჟორიტართა საკმაოდ დიდი გუნდი?! იმიტომ, რომ ისინი ენდობოდნენ დაპირებას "ქართული ოცნების" მესვეურებისგან - თუ იქნებოდნენ ჩუმად, მიიღებდნენ მანდატებს გადაუნაწილებელი ხმებისგან.

როდესაც პირველი ფრაზა გაჟღერდა ევროპიდან დაბრუნებული ვიცე-სპიკერის, რომ ამ თემაზე იქნება განხილვა, მიხვდნენ წარმატებული ბიზნესმენები, რომ ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში და შესაბამისად, არც ბიზნესი ექნებოდათ წარმატებული.

ახლა სახეზეა სერიოზული მცდელობა მაჟორიტარების აჯანყებისა, რომლის წინაშეც უკვე დაფრთხა "ქართული ოცნების" გარკვეული ნაწილი და არა მარტო ახალგაზრდები, მაჟორიტარების ბანაკში აღმოჩნდნენ გამოცდილი "მეოცნებეებიც".

არსებობს ინფორმაცია, რომ საკითხი დგას ასე - დარჩება თუ არა თანამდებობაზე დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე. პროპორციული სისტემის აუცილებლობა, მისი მრავალწლიანი თეორიული გამოცდილება არცთუ ადვილი გამოდგა პრაქტიკაში, რამაც მას აიძულა ეთქვა, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩება კონსტიტუციაში, მაშინ ის დატოვებს თანამდებობას.

ამ პროცესის დასასრულზე შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი ექნება ერთადერთ მოქალაქეს, რომელიც მართალია, თავის თავს რიგით მოქალაქეს უწუდებს ხოლმე, მაგრამ იმაზე, თუ ვინ დარჩება, ვინ იქნება გათავისუფლებული, ვის რა თანამდებობის პერსპექტივა გააჩნია, უკვე 5 წელია, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიიღება ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესის კომპეტენციაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×