ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემის შემოღებით ის გარანტირებულად კარგავს ხელისუფლებას
ეკატერინე ბასილაია
15.06.2017

 "ხელისუფლებამ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა, რომ თუ მათი ვერსია (ბონუსიანი პროპორცული სისტემა) არ გავიდოდა, როგორც კი ვენეციის კომისია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებდა, მაჟორიტარების ყვირილი და დადგმული ბუნტი დაიწყებოდა.

ამ სცენარს ვუყურებთ ჩვენ. არავინ დაიჯეროს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ასეთი თავისუფლებაა და რიგით წევრებს საკუთარი დამოუკიდებელი ნების გამოხატვა შეუძლიათ. რეალურად, საპარლამენტო უმრავლესობა ერთი კონკრეტული ნების აღმსრულებელია", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

"რეზონანსი": ვენეციის კომისიისგან დასკვნა დაიდება 16 ივნისს და "ოცნების" მხრიდან გააქტიურდა განცხადებები იმაზე, რომ გუნდში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება ბევრი, ამიტომაც შესაძლოა, როგორც ერთგვარი კომპრომისი, მაჟორიტარობა 2024 წლამდე არ გაუქმდეს. რას ნიშნავს ეს, "ოცნება" შანტაჟის ახალ ვარიანტს გვთავაზობს?

ხათუნა ლაგაზიძე: დავიწყოთ იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც კი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებები, განაცხადა, რომ თუკი გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიცემას არ დათანხმდებოდა ვენეციის კომისია, ძალაში დარჩებოდა არსებული შერეული საარჩევნო სისტემა.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ახლა გამოფხიზლდნენ და ახლა დაიწყეს ბუნტი, სასაცილოა. ეს არის თავიდანვე დადგმული და კარგად ჩაფიქრებული ბუნტის სცენარი. პარლამენტის თავმჯდომარეს ზოგადად უყვარს მუქარის ტონით საუბარი და ამჯერადაც დაიმუქრა. აქედან გამომდინარე, დღეს მაჟორიტარების უკმაყოფილებაზე საუბარი, უბრალოდ, თვალებში ნაცრის შეყრაა.

"ოცნებამ" თავიდანვე იცოდა, რომ ბონუსების თანხლებით პროპორციულ სისტემას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვებოდა სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში და ეს ვენეციის კომისიაზე გავლენას მოახდენდა.

ამიტომაც ხელისუფლებამ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა, რომ თუ მათი ვერსია არ გავიდოდა, როგორც კი ვენეციის კომისია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებდა, მაჟორიტარების ყვირილი და დადგმული ბუნტი დაიწყებოდა. ამ სცენარს ვუყურებთ ჩვენ.

მეორეც, არავინ დაიჯეროს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ასეთი თავისუფლებაა და რიგით წევრებს საკუთარი დამოუკიდებელი ნების გამოხატვა შეუძლიათ. რეალურად, საპარლამენტო უმრავლესობა ერთი კონკრეტული ნების აღმსრულებელია.

ამ შემთხვევაში შესაძლოა, მართალაც მოხდა ის, რომ რეალური მმართველი ელიტისა და პლუს მაჟორიტარების ინტერესები თანხვდა და ამდენად, მაჟორიტარების აყვირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან მათ ინტერესშიცაა, მომავალ არჩევნებში კვლავ საკუთარი მაჟორიტარული ოლქიდან იყარონ კენჭი.

თუმცა, რომც არ შედიოდეს ეს მაჟორიტარების ინტერესში, ხელისუფლებას თუკი ექნებოდა ამის სურვილი, მაინც დადგამდა ამ ბუნტს.

"რ": ლიდერებში ვის გულისხმობთ? ვისი სურვილია მაჟორიტარების ბუნტით სპეკულაცია, საპარლამენტო ლიდერების?

ხ.ლ: არა, ისინი რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირების გამხმოვანებლები არიან. ამ თვალსაზრისით საკმაოდ რთულად გვაქვს საქმე, რამდენიმე ფორმალური და არაფორმალური ჯგუფის შეჭიდება ვიხილეთ ბოლო თვის განმავლობაში.

შიდა მმართველი ელიტების საერთო სურვილია, რომ 2020 წელს მაქსიმუმ, მაჟორიტარული არჩევნები, მინიმუმ, ბონუსების მთლიანად წაღება მიიღონ.

ამას ამძაფრებს ბოლო დღეების მოვლენები, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. ხელისუფლებას თავის დამშვიდების საშუალებას აძლევდა ის, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ისეთი ლიდერი, რომელიც საზოგადოების გამოყვანას შეძლებდა და გამარჯვების მუხტის მატარებელია.

ამიტომ, ეგონა რომ საზოგადოება მასობრივად გარეთ ვერ გამოვიდოდა, თუმცა რეპერებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თემამ პარტიული ინტერესებისა და ორგანიზების გარეშე გამოიყვანა ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში.

არ დაგვავიწყდეს ის, რომ მომავალ არჩევნებამდე კიდევ 3 წელია დარჩენილი. კვირა არ გავა, ხელისუფლებამ რაღაც სკანდალური შეცდომა არ დაუშვას. ხომ წარმოგიდგენიათ, დარჩენილ 3 წელში რა შეცდომებით ივლის ხელისუფლება.

პროპორციული სისტემის შემოღებით ის გარანტირებულად კარგავს ხელისუფლებას. შესაბამისად, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის ცდილობს, ჩადოს ისეთი ბერკეტები, რომლებიც ხელისუფლებას შეუნარჩუნებს. მას ასე ჰგონია, თუმცა არავინ იცის, დარჩენილ 3 წელში როგორ აგორდება საპროტესტო მუხტი.

"რ": იმ კვირიდან პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვები იწყება და რა მოლოდინი გაქვთ, ჩააგდებენ პროპორციულ სისტემას თუ ის 2024 წლამდე გადაიწევა?

ხ.ლ: მაჟორიტარების ვითომ ბუნტი ხელისუფლების ხელში არის ბერკეტი ვენეციის კომისიასთან სავაჭროდ. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ქვეყნის შიგნით არავის სჯერა მაჟორიტარების ბუნტისა, მაგრამ მას ჰგონია, რომ ვენეციის კომისია ამას დაიჯერებს.

რამდენად კრიტიკული და მომთხოვნი იქნება ვენეციის კომისია და საერთაშორისო საზოგადოება, ამაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაც.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარულიც რომ დათმოს, ბონუსიან პროპორციულს მაინც არ შეელევა. თუმცა ეს ხვალ და ზეგ როგორ მოუბრუნდება მმართველ ძალას, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×