ეკატერინე ბასილაია
15.06.2017

 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა, 2020 წელს არ გაუქმდეს და მისი ამოქმედება გადაიდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ უთანხმოებაა და ამ სისტემის გაუქმების შესაძლო ახალ ვადაზე საჯაროდ "ოცნების" ლიდერებიც ალაპარაკდნენ.

იმას, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, "ოცნებაში" ყველა ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციის ახალ პროექტში მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წესია შემოღებული და ამ პროექტზე 16 ივნისს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაც გახდება ცნობილი, ბოლო რამდენიმე კვირაა "ოცნების" მხრიდან გააქტიურდა განცხადებები, რომ გუნდში მაჟორიტარობის გაუქმებას საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავს.

ამ საკითხზე ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის 5-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და სამშაბათს უკვე გაცხადდა, რომ პარტიაში კომპრომისულ ვარიანტებს განიხილავენ, მათ შორის იმას, რომ მაჟორიტარული სისტემა შესაძლოა, 2024 წლამდე არც გაუქმდეს.

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის უნდა გაუქმდეს თუ 2024 წლისთვის.

"ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, თუმცა იმაზე, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება, შეთანხმება მიღწეულია", - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით გამოვა იმ სესიებზე, რომლებიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება.

"უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესსა და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში", - ამბობს თალაკვაძე.

"ოცნების" წევრ ნუკრი ქანთარიას თქმით, არის საფრთხე, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდეს და უმრავლესობის შეხვედრებიც იმის გამო იმართება, რომ ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს.

ამ ერთიანი პოზიციის მისაღწევად საარჩევნო სისტემაში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

"ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრი, ამ აზრს არავინ ზღუდავს. ალბათ გარკვეული ცვლილებები შევა წარმოდგენილ ვარიანტში. ვცდილობთ, რომ აზრები შევაჯეროთ", - ამბობს ჯაფარიძე.

რა იქნება ეს კომპრომისული ვარიანტი - ოცნებაში ჯერ ისევ ვაჭრობენ. ლიდერები აცხადებენ, რომ ალბათ იქნება დათქმა, მაჟორიტარობა გაუქმდეს 2024 წელს, თუმცა გუნდში არც ამ დათქმაზეა თანხმობა.

მაგალითად, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება, მანამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა და თვლის, რომ 2024 წლამდე ამ სისტემის გადავადება არაფერს იძლევა.

"ოთხი წელი რას მოგვცემს? თუკი ვიღაცა არგუმენტირებულად გააკეთებს განცხადებას, რომ ოთხი წლის შემდეგ სხვა სიტუაცია იქნება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს, მაშინ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის შევცვალოთ. სანამ ქვეყანაში არ არის ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე ამ ცვლილებას არ ვემხრობი", - მიჩნევს ჭიჭინაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავარდება და საკითხი ისე არ მივა კენჭისყრამდე, რომ შეუთანხმებელი იყოს.

"არაფერი ჩავარდება, ჯანსაღი კონსულტაციები და პლუსებისა და მინუსების აწონვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას", - ამბობს ვოლსკი.

მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის არგაუქმებას "ოცნების" წევრების ნაწილის გარდა ეწინააღმდეგება ყველა - ოპოზიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სამოქალაქო სექტორი.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილის თქმით, ახლა მიდის პოლიტიკური ვაჭრობა და ეს მიუღებელია.

"მაჟორიტარი თუ არ არის მილიონერი, ვერაფერს ვერ გააკეთებს მისი რეგიონისთვის. მაჟორიტარულ სისტემას ყველა ხელისუფლება იყენებდა იმისთვის, რომ ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. "ქართული ოცნების" დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო.

"ახლა მიდის პოლიტიკური ვაჭრობა, თუ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება არ შედგა, მაშინ გამოვლენ და გვეტყვიან, აი, ჩვენი მაჟორიტარები აპროტესტებენ და ვერ ვერევით ამ წნეხსო. ეს ძალიან გაცვეთილი და სახიფათო თამაშია", - ამბობს ინაშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ოცნებაში" მაჟორიტარული სისტემის გაუქმება-არგაუქმებაზე არსებულ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტის სპიკერს აკისრებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ეს პროცესი სრულ კატასტროფამდე მიიყვანა.

"როდესაც ათას ოპონენტს ელაპარაკებოდა და ე.წ. საერთო-სახალხო განხილვას იწვევდა, ჯერ გუნდში უნდა შეეთანხმებინა პროექტი. ასე კეთდება პოლიტიკა.

"მე მას ერთხელ ვუწოდე მოუმწიფარი ტინეიჯერი და ის, რაც დღეს ხდება, ამის პირდაპირი დადასტურებაა. გუნდში თუ არა გაქვს შეთანხმებული, რა პროცესი მიგყავს და რა სახალხო განხილვას აწყობ.

"საკუთარ მოსაზრებებს ვენეციის კომისიას უგზავნი ისე, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში არ გაქვს შეთანხმებული?! საერთოდ აღარ არის საინტერესო ეს საკონსტიტუციო პროცესი და კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება კიდევ. მაჟორიტარები რაღაცებით ვაჭრობენ, თავისას აწვებიან, ყველას თავისი ინტერესი აქვს", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მაჟორიტარებს, რომლებიც პარტიიდან პარტიაში მიბრძანდებიან ხოლმე იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში, უნდათ პარლამენტში სხდომა და ამისთვის ორი გზა არსებობს - მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება ან ბონუსები უნდა წაიღოს მმართველმა პარტიამ.

"ახლა ხედავენ, რომ ბონუსები არ გამოდის, დაიწყეს ჭიჭყინი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ერთი გამოუცდელი, უმწიფარი პოლიტიკოსის, ირაკლი კობახიძისა და თავისი 2-3 თანამოაზრის, მეტი არ ჰყავს, პირადი დრამა", - დასძენს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×