რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი)საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს.როგორც ტაძარში სასულიერო პირი აცხადებს, მან წყლის ჩამოსვლის კვალი დღეს შენიშნა. ტაძარი მოხატული არ არის, შესაბამისად, ფრესკების დაზიანების საშიშროება არ არსებობს.

სასულიერო პირის ინფორმაციით,წყალი ცენტრალური გუმბათიდან ჩამოდის. წყლის ჩამოსვლის შესახებ უვე აცნობეს კომპანიას, რომელმაც ტაძრის გადახურვის სამუშაოები შეასრულა. დაზიანებული სახურავის შეკეთება კომპანიის მიერ უსასყიდლოდ, გამოდარებისთანავე მოხდება.

შპს „არქიტექტორები და კომპანიის" დირექტორი თამაზ იაქაშვილი აცხადებს,რომ წყალი სარკმლებიდან ჟონავს, რისი მიზეზიც 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია.

„2011 წლის ნოემბერი იყო, როცა დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ უნდა მოვრჩენილიყავით სამუშაოებს 2012 წლის 1 სექტემბრისთვის. არც თაღები იყო და არც ტრომპი გადაყვანილი. შეთანხმებულიც არ იყო გუმბათის ყელის ბოლო ვარიანტი. მაშინ სხვა გზა არ გვქონდა და დავეთანხმეთ ამ მოთხოვნას. დროის უქონლობის გამო, ფორს-მაჟორში ვმუშაობდით და გამორიცხული არ არის, რომ რაღაც დააკლდა" , - განაცხადა თამაზ იაქაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა,რომ დაზიანებები აღინიშნება როგორც გუმბათის ყელის შიდა მხარეს, ისე ახალი მინაშენის კედლებზე. მისივე თქმით, გამოვლენილია ნალექისგან გამოწვეული სერიოზული და მნიშვნელოვანი ლაქები, რომელთაც სათანადო წესით გაწმენდა სჭირდებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×