(რეზონანსი) ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე რეზოლუცია - „აფგან მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა" მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებად არის შეფასებული.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისგან, გატაცების ფაქტის დროულ გამოძიებას, აზერბაიჯანისგან კი მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტი მუხთარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.
რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია ქვეყნის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხოების გარანტია, რათა არ მოხდეს აზერბაიჯანში მათი იძულებით დაბრუნება.
„ჩვენ და აზერბაიჯანს გვსურს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა, მაგრამ არა ილუზია ამაზე. მხოლოდ კანონის უზენაესობა და თავისუფლების პატივისცემა მოგვცემს მყარი პოლიტიკური და გრძელვადიანი ურთიერთობების შესაძლებლობას. გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" , - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.
დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის სავარაუდო გატაცება ქართული სპეცსამსახურების მიერ, ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
„აფგან მუხთარლის გატაცება, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურების მიერ, არის ძლიერი დარტყმა ამ ქვეყნის რეპუტაციის მიმართ. გამოძიება უნდა ჩატარდეს საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც" , - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა ფოტიგამ.