რეზონანსი
15.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერია პეკინის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების გამო პეკინის გამზირზე, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება.

„ქუჩების გადაკეტვასთან და მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის და რომელ ქუჩაზე დაწესდება შეზღუდვა. უკვე აფრთხილებენ მოსახლეობას, კომერციული ფართების მესაკუთრეებს. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მცირე დისკომფორტი არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც მივიღებთ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ლოლაძემ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ „რუსთავი 2"-ის დილის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მომავალში არ არის გამორიცხული,რომ პეკინის გამზირზე მოძრაობა მთლიანად ცალმხრივი გახდეს.

„შეიქმნება დიდი სამკუთხედი, ჟვანიას მოედანი, პეკინის გამზირი, 26 მაისის მოედნამდე, აქედან ცალმხრივი მოძრაობა იქნება სააკაძის მოედნამდე, სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩის გავლით მოვხვდებით ჟვანიას მოედნამდე. ძველი საბურთალოს, ახლანდელი ჭაბუკიანის ქუჩა იქნება ცალმხრივი, მოძრაობა იქნება პეკინის მიმართულებით. მოსახლეობის დაკვეთაც არის,რომ პეკინის გამზირი განიტვირთოს. შეიძლება იმაზე ფიქრიც,რომ მომავალში პეკინი მთლიანად იყოს ცალმხრივი" , - განაცხადა მამუკა ლოლაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×