(რეზონანსი) ლონდონში, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. „BBC"-ის ცნობით, პოლიციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 70 ადამიანი მკურნალობს.
ლონდონის სახანძრო სამსახურის უფროსის, დენი კოტონის განცხადებით, ერთი ცოცხალი ადამიანის პოვნაც კი „ნამდვილი სასწაული" იქნება. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს დრო სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე სამუშაოების წარმოება უსაფრთხო არ არის.
ბრიტანული მედიის ცნობით, დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონ ფუნტზე მეტი შეგროვდა. დღეს „Twitter"-ზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მომღერალი ადელი ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობს.
ხანძარი ლონდონის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში,კენსინგტონის უბანში, ოთხშაბათს ღამით, ადგილობრივი დროით 00:54-ზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 600 ადამიანი იმყოფებოდა.