2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობამ თითქმის 4-ჯერ მოიმატა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ესტონური მოდელის შემოღებიდან მცირე დროში ასეთი ტემპით გაზრდილიყო ინვესტიციების ოდენობა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ესტონურმა მოდელმა გაამართლა და სამომავლოდ უფრო მეტ შედეგს ელოდებიან.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობა 202 მილიონი დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან რეინვესტირებული თანხა მხოლოდ 53 მილიონს შეადგენდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იყო - 44 მილიონი დოლარი.
ბიზნეს ასოციაციები გაზრდილ მაჩვენებელს მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც, კომპანია თანხის რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდება.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ რეინვესტიციის გაზრდილი მოცულობა, დიდი ალბათობით, სწორედ მოგების გადასახადის რეფორმირების პირდაპირი შედეგია. მისი ვარაუდით, უკვე ბევრი კომპანია იყენებს ახალ შესაძლებლობას.
"პირველადი შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება მოგების გადასახადის ახალ სტრუქტურას. ჩვენი გამოცდილებით, ბევრი კომპანია იყენებს ახალ მოდელს, განსაკუთრებით სავაჭრო კომპანიები, რომლებიც ზრდიან მარაგს და არა მხოლოდ მას. ვფიქრობთ, ამას ექნება დადებითი ეფექტი, თუმცა უნდა დაველოდოთ წლის ბოლოს, როცა სრული მონაცემები გვექნება", - განუცხადა "საქმის კურსს" გიგლა მიქაუტაძემ.
ესტონური მოდელის შემოღებას დადებითად მიიჩნევს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძეც. მისი აზრით, რეინვესტირებული თანხის გაზრდის მოლოდინი ისედაც არსებობდა და ეს მიმდინარე წელსვე აისახება დასაქმებისა და ეკონომიკის ზრდის მიმართულებით.
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც და არცთუ უსაფუძვლო. აუდიტორი ირაკლი შავიშვილი რეინვესტირების გააქტიურებას ესტონურ მოდელს სულაც არ უკავშირებს. მისი თქმით, რეალურ ვითარებას არ შეესაბამება გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ მოგების გადასახადის რეფორმირებას ასეთ მოკლე დროში სწრაფი და დადებითი შედეგი მოჰყვებოდა.
"სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილება და დღევანდელი ვითარება ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. რეალურად არ ხდება ისე, რომ შემოვიდა ახალი ნორმა ესტონური მოდელის სახით და 3 თვეში მოაწყდა ქვეყანას ინვესტიციები. არ ვიცი, ეს ზრდა რას უკავშირდება. შეიძლება დათვლის ახალი მეთოდი არსებობს, რაშიც მე ვერ ვერკვევი. მე პირადად მიმაჩნია, რომ უმოკლეს დროში ასეთი ტემპით ზრდა, შეუძლებელია, ერთმა ცვლილებამ გამოიწვიოს", - განუცხადა "რეზონანსს" შავიშვილმა.