გვანცა ღვედაშვილი
16.06.2017

 "მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რა ხელგაშლილად და მზადყოფნით საუბრობდა ნატოს წარმომადგენლობა საქართველოზე, მოხდა ის, რომ მთელ ქვეყანაში შმორის სუნი დადგა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ბოლო პერიოდის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

იგი ასევე საუბრობს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ მისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ "ქართული ოცნება" "თავს ლაფს დაისხამს" და დაივიწყებს საკუთარ დაპირებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით.

სოსო ცისკარიშვილი: კომიკური სიტუაცია, რომელიც ჩვენთვის უფრო მიმზიდველი იქნება, არის პაექრობა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორ ყოფილ ხელმძღვანელს - თამარ ჩუგოშვილსა და ანა დოლიძეს შორის.

თუმცა, მინდა, ამ შემთხვევაში მაინც არ მოხდეს ისე, რომ ორივე დაპირისპირებული სუბიექტი საუბრობდეს საკუთარ წარმატებაზე და არა იმაზე, რისი მომსწრენიც გავხდებით მას შემდეგ, რაც შესაბამისი ცვლილებები შევა გაუბედურებულ დოკუმენტში.

დიდი ალბათობით, ყველა ის შენიშვნა, რომელიც პირველი შეფასებისას ახლდა ამ კომისიის დოკუმენტს, იგივე დარჩება. შესაძლოა, შეფასება კიდევ უფრო გამძაფრდეს მას შემდეგ, როცა კომისიას სრული ინფორმაცია ექნება იმაზე, თუ რა სახის კმაყოფილება იყო "ქართული ოცნების" ლიდერებში იმ დოკუმენტის გაცნობისას, რაც მათ მიიღეს და რამდენად მიუღებელი იყო ის როგორც პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობისთვის, ისევე საზოგადოებისთვის.

ცალკეული საკითხების წინასწარ გამოცნობა ვანგას პროფესია იყო და არა პოლიტოლოგის. თუმცა, დიდი ალბათობით, არც ვენეციის კომისიის მიერ წარდგენილი საბოლოო დოკუმენტი მიგვიყვანს რაიმე სახის კონსენსუსამდე, რადგან ჩვენი პარლამენტარები ერთმანეთის მიმართ უდიერი გამონათქვამებისთვის უფრო არიან პარლამენტში, ვიდრე ქვეყნის წინსვლისა და უკეთესი მომავლისთვის.

არის განცდა, რომ ორი მთავარი პოლიტიკური ძალა, რომლებიც საპარლამენტო სივრცეში არიან და მეხუთე წელია, ქიშპობენ, ვერ შეძლებენ ერთმანეთისთვის რაიმეს დათმობას და ორივესთვის, როგორც ჩანს, უფრო მარტივი და მისაღები ურთიერთლანძღვაა.

ყველას ჰგონია, რომ მისი ამომრჩეველია გენიოსი და მოწინააღმდეგეების - დებილები. ასეთ ვითარებაში კი ჩვენ გვექნება სულ უფრო ნეგატიური პროცესები, რაც ბოლოს და ბოლოს ანეკდოტურს გახდის ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკოსების უსუსურობას.

"რ": კონსტიტუციის პროექტის მთავარ მიღწევად მიიჩნეოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა უმრავლესობა ახლა არა გაუქმებაზე, არამედ მაჟორიტარების შესაძლო დამატებასა და 2024 წლამდე ამ ინიციატივის გადადებაზე საუბრობს. რა გამოდის, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა სხვა პროექტი და "ქართული ოცნება" აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიის მიღებას აპირებს?

ს.ც.: არ გამიკვირდება, "ქართულმა ოცნებამ" თავს ლაფი დაისხას და დაივიწყოს, რა მოწოდებებით დაასრულა წინა მოწვევის პარლამენტში საქმიანობა. ისინი 250 ათასი ჩვენი მოქალაქის მიერ მიღებული დოკუმენტის ხელმომწერებს დაჰპირდნენ, რომ 2016-ში ვერა, მაგრამ 2020-ში ნამდვილად აღარ იქნებოდა მაჟორიტარული სისტემა.

თუ დღევანდელი "ქართული ოცნება" არ აპირებს, შეასრულოს გუშინდელი "ქართული ოცნების" დაპირება, ეს უფრო შეასუსტებს სიმპათიას ამ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, რომელსაც სულ უფრო ხშირად მოვიხსენიებთ არა პოლიტიკურ სუბიექტად, არამედ ერთ კონკრეტულ შეზღუდული პასუხისმგებლობის სუბიექტად.

ახლა სხვა საკითხებზე ვისმენთ, რომ თუკი კარგია, არაპირდაპირი გზით ავირჩიოთ პრეზიდენტი, მაშინ რატომ უნდა გადავდოთ ეს 2023 წლამდე და რატომ არ უნდა გავაკეთოთ დღეს. სწორედ ეს არის პასუხი ასეთი განცხადებების ავტორებისთვის.

ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი მაჟორიტარები მზად არიან აჯანყებისთვის. ვერ გეტყვით, რომ ეს 100%-ია, რადგან მათში გონიერი ადამიანებიც არიან. მაგრამ მაჟორიტარების მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხვდნენ, რომ ის ნარატივები, რის გამოც თანხმდებოდნენ მაჟორიტარების დავიწყებას, მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა.

საქმე ისაა, დღევანდელ მაჟორიტარებს წინასწარ შეატყობინეს, რომ მომავალში ისინი დაიკავებენ იმ სავარძლებს, რომლებიც არ იქნება არჩევნების შედეგებით დაკავებული (გაუნაწილებელ მანდატებს). ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ მოუწევთ მაჟორიტარებს კონკრეტული არჩევნებისას.

თუმცა გამოჩნდა ვენეციის კომისიის პირველი არცთუ ბოლომდე ჩამოყალიბებული განწყობა, რომელიც, თუ ქართულ ანალოგიას მოვარგებთ, ასე გამოითქმება - "ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყაო" - სწორედ ეს გზავნილი იყო ბონუსებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია შენარჩუნდება, თუმცა დაზუსტება სჭირდება ტერმინ "მაქსიმუმს".

"რ": მაჟორიტარების საკითხმა უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული შიდა დაპირისპირება გამოიწვია.

ს.ც.: "ქართული ოცნების" შინაგანი განცდები არ არის რაიმე ფარდის უკან დამალული, ეს ყველაფერი ხელისგულზეა და ვხედავთ, რომ ამ საკითხში სერიოზული განხეთქილებაა. ჩვენი უნიკალობა პოლიტიკურ სივრცეში სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ უმრავლესობა თუ მისი უმცირესობა ხმას მისცემს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ნაკარნახევი იქნება ერთი პირის მიერ, როდესაც ის 100-წლიანი ხეების მწყემსობის პარალელურად მოიცლის და დროს იპოვის ამ თემაზე დასაფიქრებლად.

ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც მაჟორიტარების, აჯანყებულთა, კომპეტენციაში არ შედის მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა სპიკერმა განაცხადა, თუ შენარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა, მაშინ იგი თანამდებობას დატოვებს. სიმართლე გითხრათ, ეს მისი მხრიდან ვაჟკაცური ნაბიჯი იქნება, რაც მას ბიოგრაფიას გაფუჭებისგან გადაარჩენს.

"რ": როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცებას ეხება?

ს.ც.: მთელ ჩვენს სახელისუფლებო სისტემას, საკუთარი კეთილდღეობისა და თანამდებობებზე დარჩენის გარდა, სხვა, უფრო მაღალი ფასეულობა არ ეგულება. ჩვენთან, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ვატყობთ, რომ ფასეულობების შკალაზე პირველ ადგილზე არ დგას ადამიანი, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, მიმტევებლობა და სულიერი ერთობა. ამას ყველანი ვხედავთ, ვწუხვართ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, თუ შევეგუებით, რომ დღევანდელი დღის უმაღლესი საფიქრალი და ფასეულობა ფულია.

ეს ფული, ნებით თუ უნებლიეთ, შეასრულებს კატასტროფულ როლს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის და საიდუმლო არ არის, რა ისმის უკანასკნელი კვირების განმავლობაში საქართველოს მიმართ.

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რა ხელგაშლილად და მზადყოფნით საუბრობდა ნატოს წარმომადგენლობა საქართველოზე, მოხდა ის, რომ მთელ ქვეყანაში შმორის სუნი დადგა. რამდენიმე უაღრესად მაღალი ინტერესის საკითხის გამოძიება იგვიანებს და, დიდი ალბათობით, საერთოდ პირში წყალს ჩაიგუბებენ.

ვინ უკრძალავს აქტიურ სამართლიან და დროულ გამოძიებას ჩვენს პროკურატურას? იქნება ამ თემაზე მოგვეწყო გამოკითხვა და ჩვენ მაინც გაგვეცა რაიმე პასუხი. ფაქტია, რომ თავდასხმა მოხდა საპატრიარქოზე; თავდასხმა მოხდა ისეთი მაღალი თანამდებობის პირზე, როგორიც ბატონი თორდიაა, ასევე ის, რაც მოხდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით და რისი საფრთხეც არის თურქი პედაგოგის მიმართ, რომელიც უკვე დაკავებულია. ყველა ამ თემაზე მხოლოდ ნეგატიურ შეფასებას ვიღებთ როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან და უამრავი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისგან.

ვის ახარებს ასეთი ვითარება? - რასაკვირველია, პუტინს, რომელიც ხედავს, რომ თურმე საქართველო არ ყოფილა ისეთი მშვენიერი ქვეყანა, როგორც ევროკავშირი და ნატო საუბრობდნენ. მაგრამ ვინ ახარებს ბატონ პუტინს? - ამ კითხვაზე პასუხიც იქნებ გამოკითხვის საშუალებით გაგვეგო - თუ ვინ ჰგონია საზოგადოებას ის, ვინც კომფორტულ სივრცეს უქმნის პუტინს.

ისევ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენ უნდა ვეძიოთ ის მიუღებელი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ვერ ვახერხებთ ვერც ერთსულოვნებას და ვერც ერთიანობას. ყველანი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვართ ორიენტირებულნი, თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი მოსახლეობის 100% არ არის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ევრაზიულ ჭაობში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×