"ხელისუფლებამ ვერც ერთ კრიზისს ვერ მოაბა თავი. ტლაპოში ჩახტებიან და შემდეგ ჩვენ უნდა ვქაჩოთ იქიდან"
ეკატერინე ბასილაია
16.06.2017

 თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და შემდეგ მისი ბაქოს ციხეში აღმოჩენის გამო ევროპარლამენტისგან საქართველომ მკაცრი კრიტიკა მიიღო. საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდებიან, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამო საქართველოს იმიჯს დიდი დარტყმა მიადგა, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას ადამიანის გატაცებაში ხელი პირდაპირ დაადეს, "ოცნების" მტკიცებით კი, ევროდეპუტატებმა თქვეს მხოლოდ ის, რასაც თავადაც ამბობენ - რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და ობიექტურად და ასეც იქნება.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერ ხვდებიან, რა პრობლემა აქვთ და თითქოს თავადაც იმავეს ლაპარაკობენ, რასაც - ევროპარლამენტი. რეალურად კი, პრობლემა ძალიან მძიმეა. მინიმუმ, ძალიან მძიმე შეცდომაა დაშვებული, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია".

"თავის თავს არავინ არ იჭერს და იმის ილუზია, რომ ობიექტურად იქნება გამოძიებული საქმე, არავის აქვს. მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ოდნავ მაინც ჩააცხროს ევროპაში ჩამოყალიბებული ნეგატიური ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - ამბობს ხუხაშვილი.

მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა - ევროპარლამენტმა ამ სახელწოდების კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და 12-პუნქტიანი რეზოლუციის 4 პუნქტი საქართველოს ეთმობა.

ევროპელი პოლიტიკოსები ჟურნალისტის გატაცების ფაქტსა და ბაქოში მის მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ და საქართველოსგან გატაცების ფაქტის და ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმული ეჭვის დროულ გამოძიებას მოითხოვენ, აზერბაიჯანს კი მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტი.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხთარლი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.

რეზოლუციაში წერია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევებისა, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.

რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას მის ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნების მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ.

კრიტიკულ რეზოლუციას წინ არანაკლებ კრიტიკული დებატები უძღოდა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა. ევროპარლამენტარების თქმით, საქმეზე ობიექტური გამოძიების არარსებობამ, შესაძლოა, ევროპასთან პარტნიორულ ურთიერთობას შეუქმნას საფრთხე.

ითქვა ისიც, რომ ჟურნალისტის საქმე ორივე ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის ერთგვარი ტესტი იქნება და სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა სკანდალურ საქმეზე შეკითხვები არ დარჩეს.

კრიტიკულ რეზოლუციას შეფასებები მოჰყვა თბილისშიც.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი საკმაოდ მკაცრია, ბევრ კრიტიკას შეიცავს და რეზოლუციაში ნახსენებ ყველა შეკითხვას დროზე უნდა გაეცეს პასუხი.

ოპოზიციას მკაცრი ტონი არ უკვირს და აცხადებენ, რომ ევროდეპუტატებმა ჟურნალისტის გატაცებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს, უფრო მეტიც, გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ დაადეს ხელი, ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და ობიექტურად და რომ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმაა.

"ქართული ოცნების" წევრ ირაკლი სესიაშვილის თქმით კი, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობენ - მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

"რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა", - განაცხადა სესიაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, "სასწორზე ბევრი რაღაც დევს - ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხები, ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან ურთიერთობის საკითხები და ამასთანავე სასწორზე დევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც. აზერბაიჯანი ჩვენთვის ჩვეულებრივი პარტნიორი არ არის. ამიტომ თემა ძალიან ფაქიზია. დღეს ვართ ჩიხში და ამ პრობლემიდან სრულფასოვანი, ღირსეული გამოსავალი, პრაქტიკულად, აღარ არის. ზიანი უკვე მიღებული გვაქვს, მისი განელება შეუძლებელია".

მისი თქმით, ყველას კარგად ესმის და ილუზია არავის აქვს, რომ აქ რაღაც ობიექტურად იქნება გამოძიებული. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც ცოტათი მაინც შეარბილებს იმ ნეგატიურ შედეგს, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა და ეს ნაბიჯები არა გამოძიების, არამედ პოლიტიკის სფეროა.

"უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთ კრიზისს ვერ მოაბა თავი. ტლაპოში ჩახტებიან და შემდეგ ჩვენ იქიდან უნდა ვქაჩოთ. აზროვნება და კრიზისიდან გამოსვლა უნდა ისწავლონ. მინისტრის გადადგომა იქნება თუ კიდევ სხვა, აქ ერთი რომელიმე ნაბიჯით არ შემოიფარგლება ამ პრობლემის შერბილება. რამდენიმე მიმართულებით იქნება პოლიტიკური ნაბიჯები გადასადგმელი, როგორც სისტემური ხასიათის, ასევე თუნდაც პერსონალური ხასიათის, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეაჩეროს იმ ნეგატივის გენერირება, რაც დღეს მიმდინარეობს.

"თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამ საქმეს გაწელავს და გადააგორებს, ასე არ იქნება. მათ უნდა იცოდნენ, როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებში პროცესები. იქ არაფერს ივიწყებენ. თუ ეს თემა ცოტათი ადეკვატურად არ დაბალანსდება, ის მუდმივად იტრიალებს და სულ უფრო და უფრო გამძაფრდება," - აცხადებს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×