დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ სრულიად გაუგებარია, კომისიის მხრიდან რა შეფასება უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც მმართველ გუნდში გარკვეული საკითხები ჯერ ისევ შეუთანხმებელია და კონსენსუსი არ არსებობს.
ვენეციის კომისიის 111-ე სესია 16-18 ივნისს არის ჩანიშნული და როგორც ცნობილია, მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან.
ვიცე-სპიკერის თქმით, დადებული პირობა, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისისიის შენიშვნებს გაითვალისწინებდა, შესრულდება და, შესაბამისად, კონსტუტუცია, რომელსაც პარლამენტი კენჭს უყრის, "სრულიად შესაბამისი იქნება ევროპულ სტანდარტებთან".
"იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი კონსტიტუცია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც არის ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება.
"რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას ვენეციის კომისიასთან, მათ წერილობით ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. შეხვედრაზე დამატებით გვექნება კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენიშვნებიც იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული, განსაკუთრებით ტექნიკური ხასიათის. დანარჩენს, პირიქით, ჩვენ გავითვალისწინებთ სამუშაო პროცესში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სესიას დაესწრება პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი ანა დოლიძეც, რომელიც ვენეციის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას გააცნობს."შევხვდები ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნობ ჩვენს პოზიციას იმის შესახებ, არის თუ არა ცვლილებებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფასეულობები, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და ყველა ის თემა, რაზეც პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეფონით ესაუბრა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ჯანი ბუკიკიოს მადლობა გადაუხადა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირით ჩატარებული სამუშაოსათვის და აცნობა, რომ მის პოზიციას დღევანდელ სხდომაზე კომისიას ანა დოლიძე გააცნობს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ, ზოგადად, რაზე აკეთებს ვენეციის კომისია დასკვნას, სრულიად გაუგებარია, რადგან მმართველ გუნდში საკითხები ჯერ არ არის შეთანხმებული.
"როგორც ცნობილია, ვენეციის კომისიას შენიშვნები ორი მიმართულებით აქვს - ეს არის საარჩევნო კანონმდებლობა და პრეზიდენტის არჩევის წესი. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი მთლიანად ჩიხში შევიდა, რადგან ვენეციის კომისია რას იხილავს და პარლამენტის თავმჯდომარე რისთვის წავიდა, სრულიად გაუგებარია.
"შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად თავდაყირა. ნორმალური პროცედურა არის ასეთი - როდესაც პოლიტიკური ძალა აყენებს რაღაც პროექტს, ჯერ შიგნით თანხმდებიან, მერე აგზავნიან ვენეციის კომისიაში, აწყობენ საერთო სახალხო განხილვას და ა.შ. ამ შემთხვევაში კი, როგორც ირკვევა, ამ ახალგაზდამ თავისი "სადიპლომო ნაშრომი" წარმოადგინა საერთო განხილვაზე, ვენეციის კომისიას გაუგზავნა და ეს მის პოლიტიკურ გუნდში არ იყო შეთანხმებული", - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი შეფასებით, სიტუაცია გაურკვეველია, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს, რადგან მრავალთვიანი პროცესის შემდეგ შიგნით, "ქართულ ოცნებაშიც," არის წინააღმდეგობა.
კითხვაზე, ვენეციის კომისიისთვის კონსტიტუციის პროექტის გადაგზავნის შემდეგ ისევ მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე მსჯელობა შექმნის თუ არა გაუგებრობას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი.
"აქ არის ზუსტად ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა. მას იმ პოლიტიკურ გუნდში, ვისი სახელითაც ვენეციის კომისიაში საუბრობს, არ აქვს შესაბამისი მანდატი, რომ კონსტიტუციაზე ილაპარაკოს. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი ყალბია. ვისი სახელით საუბრობს ვენეციის კომისიაში - თავისი სახელით, პარლამენტის თუ "ქართული ოცნების"? მის უკან ვინ დგას და ვის წარმოადგენს, სრულიად გაუგებარია", - ამბობს გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ, საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს იმ კონსტიტუციას, რაზეც ვენეციის კომისიას დასკვნა არ დაუდვია.
"ამიტომაც არის ეს პროცესი სრულიად აბსურდული. ინფანტილიზმით არის მთელი პროცესი წარმართული. ერთი დიდი ფარსია და მეტი არაფერი", - ამბობს გია ხუხაშვილი.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, ვენეციის კომისიის დასკვნა მათი პირველადი შეფასების იდენტური იქნება.
დაიმსახურებს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისაგან კრიტიკას იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემის გადახედვას აპირებს და შესაძლოა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აღარ მოხდეს? კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
"არ მგონია, რადგან ვენეციის კომისიას იმის მიხედვით გამოაქვს დასკვნა, რა დოკუმენტიც მას აქვს და ამ პროექტში გაწერილი როგორც არის, იმის მეხედვით ახდენს შეფასებას. მე ვფიქრობ, პრობლემები შეიქმნება მას მერე, რაც მისი განხილვა დაიწყება აქ, საქართველოს პარლამენტში", - აცხადებს ძაბირაძე.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის შენიშვნებს, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს მიწის და საარჩევნო საკითხებს შეეხება.
"ალბათ ძირითადად უაყოფითი შეფასება იქნება საარჩევნო ბონუს სისტემაზე. არ მგონია, რომ კატეგორიულები იყვნენ პრეზიდენტის არჩევასთან მიმართებით და ასევე შენიშვნები ექნებათ მიწის საკითხზე. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები იქნება", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.