(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის ვიცემერის, გოგა რაზმაძის ოჯახის დაყაჩაღების შესახებ განცხადებას ავრცლებს.
გამოძების ცნობით, 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, სამი წელია, გორში რაზმაძის ოჯახში ძიძად მუშაობს, რამდენიმე თვის წინ, სახლიდან ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები:
„მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ", - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.