მთავარი პროკურორი დაზარალებულებს "პასუხისმგებელი სუბიექტის" დასახელებას დაჰპირდა
გვანცა წულაია
17.06.2017

 გუშინ მთავარ პროკურატურაში "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულებსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შორის დახურული შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შოთაძესთან შეხვედრას, გამოძიების დაჩქარებას და მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ხანძრის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, ამ დრომდე არ არის ცნობილი ბრალდებულების ვინაობაც.

დაზარალებულებს პრეტენზია ასევე ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი თქმით, კომპენსაციის გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის საქმე გამოსაძიებლად მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ორი კვირის წინ გადაეცა.

"რეზონანსთან" საუბრისას "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე გარკვეული სახის ახალი ინფორმაციაა მიიღეს, რომელსაც ჩვენთან საუბრისას საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

"დაზარალებულებს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსები, რომლებმაც გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს. რამდენიმე მათგანი ჩვენთვის ახალი აღმოჩნდა. შეხვედრაზე გვთხოვეს, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაგვეხმაურებინა ისინი.

"მივიღეთ დაპირება, რომ უმოკლეს დროში ობიექტურად მოხდება პასუხისმგებელი სუბიექტის გამოკვეთა. ჩვენთვის ეს ძალიან აუცილებელია, რადგან მნიშვნელოვანია, სწრაფად განისაზღვროს პასუხიმგებელი სუბიექტი, რათა შემდგომ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენება შევძლოთ.

"შეხვედრიდან იმედიანად გამოვედით. ველოდებით ვადის გასვლას, რომ პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთოს. ვიმედოვნებთ, რომ დაზარალებულებს, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, პროკურატურის პირველი პირი ტყუილს არ ეტყოდა.

"მთავარი მოთხოვნა ზიანის სრული ანაზღაურებაა. მაგრამ ამ ეტაპზე პროკურატურის მიმართ ჩვენი მოთხოვნაა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა. თუ მათი მხრიდან ეს არ მოხდება, ზიანის ანაზღაურებაზე ვერ გავალთ.

"ჩვენს მოთხოვნად რჩება გამსესხებლების მხრიდან შეღავათის გაწევა, სესხის ყოველთვიური შენატანის გადახდის გადავადება პროცენტის დამატების გარეშე, მინიმუმ, იქამდე, სანამ გამოძიება არ დამთავრდება და ზიანი არ ანაზღაურდება," - ამბობს მარიკა არევაძე.

ერთ-ერთი დაზარალებული ჯულიეტა ელიავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად გუშინდელი შეხვედრისა, აქციის გაგრძელებას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მაინც აპირებენ. იმასაც ამბობს, რომ მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრა მისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა.

"ვისაუბრეთ, რომ გამოძიება სწორად და სწრაფად დამთავრდეს. დაგვპირდნენ, რომ ობიექტურად გამოიძიებენ და პასუხი გარკვეულ დროში იქნება. დამაჯერებლად ილაპარაკა და ცოტა იმედი მომეცა. თუმცა აქციები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. სხვა გზა არ გვაქვს. ცეცხლი რომ გააჩინეს, ეს ფაქტია. ხანძარი სპეციალურადაა გაჩენილი, დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგია. ბიზნესინტერესს შევეწირეთ, რომელშიც ხელისუფლებისგანაც ურევია ხელია.

"ფაქტია ისიც, რომ გაქურდულია, რადგან ამდენი საქონელი ასე ერთიანად არ დაიწვებოდა. რაც უნდა ბენზინი დაასხა და წყალი რომც არ შეასხა, ის ბოლომდე არ დაიწვება. კარგად დამუშავებული და გაქურდულია.

"დაცვა უნდა დაეკითხათ და ზომები მიეღოთ, ამის ნაცვლად კი დააწინაურეს. ისეთ დღეში ვარ, ნერვიულობისგან გარეკილი მაქვს. ვერ ვყალიბდები, უკვე მეტყველებაც არ მივარგა. უკან დასახევი გზაც არ მაქვს და უკიდურეს ზომებს მივმართავ.

"ჩემნაირი ბევრია. ბანკი მომადგება, სახლი მაქვს ჩადებული. ოქტომბრიდან გადახდა უნდა დავიწყო. იმის ნაცვლად, რომ გაჩერდნენ, 3500 ლარი დამიმატეს გადასახდელი. ბანკმა ჩემი სახით კლიენტები გაამრავლა. ესაა ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა ჯულიეტა ელიავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×