მარი ჩიტაია
17.06.2017

 რეგიონებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. წვიმებისა და ღვარცოფებისგან საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მარტო ინფრასტრუქტურულმა ზარალმა ბოლო 2 თვის განმავლობაში 6 მილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის წელს გამოყოფილი 12 მლნ ლარიდან ნახევარი უკვე ათვისებულია. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სფეროს დანაკარგს, ზიანი აგროპროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება და კომპენსაციას მიიღებს ყველა ოჯახი, რომელსაც მოსავალი დაზღვეული აქვს.

ბოლო დღეების განმავლობაში ხანგრძლივმა წვიმამ საქართველოს ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში პრობლემა შექმნა. სტიქიის ზონებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები და წყალგამტარი მილები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის - მინდია ღლონტის ინფორმაციით, სალიკვიდაციო პირველადი ღონისძიებები ყველგან გატარებულია. ახლა მოხდება სრული სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება.

"ახლო პერიოდში სტიქია იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც საკმაოდ დიდი ზარალია. სამწუხაროდ, ხაშურში (ქალაქის ტერიტორიაზე), დაბა სურამში და კიდევ რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ ხევების კალაპოტში წყლის დონის ზრდა და ღვარცოფი გამოიწვია. შესაბამისად, დაზიანდა გზის საფარი, ხიდები და სხვადასხვა ნაგებობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები და სანიაღვრე არხები. ზარალის სავარაუდო ღირებულება 916 822 ლარია, რაც უკვე დაფინანსებულია და ახლო პერიოდში დაიწყება სალიკვიდაციო ღონისძიებები. ასევე, მაისში დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ხიდები და გზები, სანიაღვრე სისტემები. აქაც ზარალის ოდენობა დათვლილია და 382 130 ლარით განისაზღვრა. იყო სტიქია თეთრიწყაროშიც, სადაც წვიმამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. ზარალი, 119 000 ლარი, დაფინანსდა და მალე სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ", - განმარტავს ღლონტი.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, მისი ინფორმაციით, საკმაოდ დიდია ინფრასტრუქტურული ზარალი მესტიაში, აბაშასა და გორში.

"მესტიაში ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მოიშალა შიდა გზები და ხიდები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ხიდები წაიღო წყალმა. ზარალი მესტიაში 1,3 მლნ ლარამდეა. აბაშაში კი, როგორც ცნობილია, მდინარე რიონი ადიდდა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაიტბორა. ამიტომ იქ მოსამზადებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. დაფინანსებულია სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომლის მოცულობამ 2,3 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, დიდი ზარალია ონში, სადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე და წყალგამტარი მილები და ხიდები. 1,4 მლნ-ზე ოდნავ მეტია ზარალის ოდენობა. ესეც დაფინანსებულია. რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ზარალი, ჯამში, 6 მლნ ლარამდეა. სალიკვიდაციო პირველადი ღონისძიებები ყველგან გატარდა და ამ ეტაპზე სრული სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებს მინდია ღლონტი.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის გარეშე დარჩენილი დაზარალებული მოსახლეობის წინაშე სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხისმგებლობას იხსნის და ხალხს დაზღვევის პროგრამისკენ მიუთითებს.

"სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ჩაერთონ პროგრამაში, სადაც დაზღვევის 70%-ს სახელმწიფო ანაზღაურებს. ეს არის რისკის შემცირების პროექტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ცივილური მეთოდია", - ასეთია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ აგროდაზღვევის პროგრამა აზრს დაკარგავს, თუკი პროგრამის ბენეფიციარებს და დაზღვევის გარეშე დარჩენილებსაც ერთნაირად აუნაზღაურდებათ დანაკარგი, რაც მათი მხრიდან, სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით, არ იქნება სწორი დამოკიდებულება.

თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სპეციალისტები ჩართული არიან რეგიონებში შექმნილ კომისიებში და ზარალის დათვლის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ, რათა დადგინდეს, რა ზარალი მიადგა სექტორს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×