თორნიკე ამირხანაშვილი
17.06.2017

 "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გუშინ გაიმართა, სადაც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ივლისის დასაწყისში წარადგენს.

"შენების მოძრაობა" 2018 წლის გაზაფხულზე დაასრულებს ფორმირებას და ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიად, 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"შენების მოძრაობის" ლოზუნგია: "რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".

დავით უსუფაშვილის მიერ "შენების მოძრაობის" ჩამოყალიბებაზე მისი ყოფილი თანაპარტიელები, "რესპუბლიკური პარტიის" წევრები ღიად არ საუბრობენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, განაცხადა, "შენების მოძრაობას" სრულფასოვან პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების შემდეგ შეაფასებს.

"მოძრაობით შეუძლია იმოძრაოს, რამდენიც უნდა, ეს პარტია არ არის. ჩვენ ველოდებით. თუ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, მივცემთ პოლიტიკურ შეფასებას. მოძრაობის და სურვილების გამო პრესაში მოხვედრა მას აინტერესებს, მე არ მაინტერესებს ამაზე ლაპარაკი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" კიდევ ერთი წარმომადგენლის - დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მათი პარტია ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებში, "შენების მოძრაობასთან" არანაირ ურთიერთობას არ აპირებს.

"ყველა ადამიანს შეუძლია, პარტია შექმნას. დანარჩენს, როგორც იტყვიან, საქმეები გამოაჩენს და იმ პოზიციის მიხედვით გამოჩნდება, რასაც დაიჭერს რიგ საკითხებზე.

"ბუნებრივია, როდესაც ჩვენი პარტიიდან წავიდა, ჩვენთვის ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ გვქონდა განსხვავებული დამოკიდებულება მთელ რიგ საკითხებთან და ვნახოთ, როგორ რეაგირებას მოახდენს თავის ახალ პოლიტიკურ ძალაში", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილს ახალი პარტიის შექმნისას "რესპუბლიკური პარტიის" მოქმედი წევრების გადაბირება არ უცდია.

გუშინდელ პრეზენტაციაზე უსუფაშვილმა საზოგადოებას თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაც გააცნო:

ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი - ლევან აბაშიძე;

საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - გელა გელაშვილი;

განათლების პოლიტიკის ექსპერტი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი - ალუდა გოგლიჩიძე;

მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ნინო გურიელი;

ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი - გოგა დანელიშვილი;

იურისტი და ბიზნესმენი - გიორგი ეპიტაშვილი;

ეკონომისტი და ბიზნესმენი - ტარიელ ზარანდია;

ისტორიკოსი და საჯარო მმართველობის მაგისტრი - გიორგი თაქთაქიშვილი;

ეკონომისტი და საჯარო მოხელე - მანუჩარ თოხაძე;

სტუდენტი - ეკატერინე კვანტალიანი;

ექიმი და ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი - ნათია ლანდია;

სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი - თეიმურაზ მურვანიძე;

ეკონომისტი - გურამ მჭედლიძე;

მედიკოსი, დოქტორი და პუბლიცისტი - ფრიდონ საყვარელიძე;

ჟურნალისტი, ეკონომისტი და დიზაინერი - სოსო მიმინოშვილი;

ეკონომისტი და პოლიტოლოგი - მათია ქობალია;

ფიზიკოსი და პოლიტიკოსი, "ეროვნული ფორუმის" ყოფილი წევრი - რეზო შავიშვილი;

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი და "ეროვნული ფორუმის" ყოფილი ლიდერი - კახა შარტავა;

ეკონომისტი და საჯარო მმართველობის ექსპერტი - თენგიზ შერგელაშვილი;

ლობისტი და ბიზნეს-კონსულტანტი - ილია ჩხუტიაშვილი;

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - გია ხეჩინაშვილი;

ფიზიკოსი, დოქტორი და კონსტიტუციონალისტი - ვახტანგ ხმალაძე;

ეკონომისტი - გოჩა ჯაბიძე;

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი - ანდრო დადიანი;

ისტორიკოსი და საჯარო მმართველობის მაგისტრი - გიორგი კანაშვილი. ლევან ბერძენიშვილი: "მოძრაობით შეუძლია იმოძრაოს, რამდენიც უნდა, ეს პარტია არ არის. ჩვენ ველოდებით. თუ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, მივცემთ პოლიტიკურ შეფასებას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×