სანამ "ოცნებაში" მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე "ვაჭრობენ", ვენეციის კომისიაში პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების მიხედვით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარი წესდება და როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, პარტია ბონუსური სისტემით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. მისი თქმით, ამის თეორიული შანსიც კი აღარ არსებობს.
მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ხოლო თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება შემდეგნაირად:
თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ შეძლებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღებას, ანუ პარლამენტში 75 დეპუტატის შეყვანას, მაშინ დარჩენილი მანდატები გადანაწილდება ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე თანაბრად. ხოლო თუ მიიღებს 50%-ზე მეტს, ე.წ. ბონუსის სახით დაემატება მანდატები, თუმცა ამისთვის დაუწესდება ზედა ზღვარი - 89-ზე მეტი დეპუტატის შეყვანის უფლება არ მიეცემა და დანარჩენი გაუნაწილებელი მანდატები კი ისევ სხვა პარტიებზე გადანაწილდება.
მაგალითად, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 52% (77 მანდატი), მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ - 25% და მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ - 5%, ამ შემთხვევაში გადანაუნაწილებელი მანდატები, ანუ ხმების 18% გადანაწილდება პირველ ადგილზე გასულ პარტიაზე და 77 მანდატი გაეზრდება 89 მანდატამდე.
თუ პარტია 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში იღებს, მაშინ ე.წ. ბონუსის მიღება აღარ შეეძლება და ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების გადანაწილების ამგვარი წესით რომ ჩატარებულიყო, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არჩევნებზე პროპორციული წესით "ქართულმა ოცნებამ" 48.7%-აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27.11% და მესამე ადგილზე გავიდა "პატრიოტთა ალიანსი" 5%-ით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, მიღებული ხმებიდან გამომდინარე, "ოცნება" მიიღებდა 73 მანდატს, "ნაცმოძრაობა" - 41-ს და "პატრიოტთა ალიანსი" - 6-სს. გადაუნაწილებელი დარჩებოდა ხმების 19.19%, ანუ 30 მანდატი.
ახალი წესის შესაბამისად, ეს მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო და, შესაბამისად, "ოცნებას" დღეს პარლამენტში ეყოლებოდა არა 115, არამედ 83 დეპუტატი, "ნაცმოძრაობას" - 51 ახლანდელი "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ჯამური 27-ის ნაცვლად და "პატრიოტთა ალიანსს" - 16 ახლანდელი 6-ის ნაცვლად.
"პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსური სისტემით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დავაწესეთ მაქსიმალური ზღვარი და ეს იქნება 89 მანდატი.
"გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ორ ე.წ. დამზღვევს ვაკეთებთ, რომლის მიხედვითაც, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, მაშინ დარჩენილი გადაუნაწილებელი მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე თანაბრად გადანაწილდება.
"ასევე, გამარჯვებულმა პარტიამ რაც უნდა შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვოს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, თუ მან, მინიმუმ, 38%-მდე არ მიიღო, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას და ვერ მიიღებს უბრალო უმრავლესობასაც კი.
"ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტია 50%-ზე მეტს მიიღებს, გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება მასზე, ოღონდ ზედა ზღვრის დაწესებით და 89 მანდატზე მეტის უფლებას არ მისცემენ," - უთხრა "რეზონანსს" პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმება არის ის დაპირება, რომელიც "ოცნებამ" გასცა საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.
რაც შეეხება საკითხს, რამდენად დაუჭერენ მხარს აღნიშნულ მოდელს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას შერეული სისტემის მომხრე დეპუტატები, მდინარაძე დარწმუნებულია, რომ კონსენსუსი მიღწევადია.
"პირადად მე პროპორციულ სისტემას ვუჭერ მხარს, თუმცა ამასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა. დისკუსია დღესაც გრძელდება, მაგრამ კონსენსუსის მიღწევის საფუძველი არის.
"დარწმუნებული ვარ, შეთანხმება შედგება და საბოლოოდ გვექნება უკეთესი სისტემა, რომელიც განვითარებაზე, პროგრესზე, მომავალზე იქნება ორიენტირებული.
"პროპორციული სისტემა და პლუს ამდენი დაზღვევით და ჩამკეტი მექანიზმით - ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არავის გაუჩნდება, თუ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის არ იქნება გამიზნული", - გვითხრა მდინარაძემ.
ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების ეს წესი რომ პირველ ვარიანტზე უკეთესია, ამას საპარლამენტო უმცირესობაც აღიარებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ დარჩენილი მანდატები ყველა შემთხვევაში თანაბრად უნდა გადანაწილდეს და არც ერთმა პარტიამ რაიმე პრივილეგიით არ უნდა ისარგებლოს.
"რატომ უნდა მიიღოს საერთოდ ბონუსი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ?! გადანაწილდეს თანაბრად და სამართლიანად - ამას ამბობს ვენეციის კომისია და ჩვენც ამას ვუჭერთ მხარს.
"ბლოკების აკრძალვა, მაღალი ბარიერის შენარჩუნება და გაუნაწილებელი ხმების მითვისება - ეს არის უსამართლო და ეწინააღმდეგება პლურალიზმს", - უთხრა "რეზონანსს" "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია, რათა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით სახელისუფლებო პარტიამ ვერ შეძლოს უმრავლესობის მოპოვება.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ე.წ. ბონუსების გადანაწილების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ეს სისტემა უსამართლობის განცდას გააჩენს.
"მე ამ ბონუსების წინააღმდეგი ვარ. ამიტომ ჯობია, თუ საერთოდ გაუქმდება იმ პარტიების ხმები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და მეორე ტური დაინიშნება, როგორც ეს საფრანგეთში ხდება. იქ პროპორციულზეც არის დაწესებული ბარიერი და თუ ვერ ხდება მისი გადალახვა, ინიშნება მეორე ტური.
"ამ გადანაწილებაში ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები, რომლებიც უსამართლობის განცდას გააჩენს. ესა თუ ის პარტია ყოველთვის იტყვის - რატომ უნდა გადანაწილდეს პროპორციულად ის ხმები, რომელიც ამომრჩეველს სხვა პარტიისთვის აქვს მიცემული?
"დემოკრატიის თვალსაზრისით, ვფქირობ, ყველაზე კარგი იქნებოდა, არჩევნები ჩატარდეს მთლიანად მაჟორიტარული სისტემით. პროპორციული სისტემა არ მომწონს. მოსახლეობა ირჩევს ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს. იცნობს სიის პირველ ხუთეულს და ამის ხათრით სხვებს აძლევს ხმას, რაც სრული უსამართლობაა. ანუ ხმებს იღებენ პირები, რომლებსაც ეს არ დაუმსახურებიათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.