(რეზონანსი) 87 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი, ქალაქ ლიუდვიგსჰავენ-ამ-რაინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. 2008 წლიდან კოლი ეტლით სარგებლობდა. ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გლოვის ნიშნად ევროკომისიის შენობასთან დროშები დაუშვეს.
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, ჰელმუტ კოლის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მნიშვნელობაზე საუბრობს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
„ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.
მისი სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1989 წელს გერმანიის გაერთიანებაში და 1992 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად ევროკავშირის შექმნაზე მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებაში.