(რეზონანსი)ბრიტანეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები კენსინგტონის რაიონში მოეწყო, სადაც ხანძრის დროს დამწვარი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს, ამის შესახებ „BBC"-ი იუწყება. მომიტინგეები დაზარალებული მოსახლეობისთვის უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. 60-მდე დემონსტრანტი კენსინგტონის მერიის შენობაშიც შეიჭრა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები ასევე ხანძრის მიზეზების დასახელებას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მუსტაფა ალ-მანსურის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საკმარისი არ არის და მთავარ კითხვებზე პასუხი არ არსებობს.
მოსახლეობის პროტესტზე ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი დაზარალებულთა დახმარებაა.მოსახლეობასთან შეხვედრაზე მეიმ პირობა დადო, რომ ღია გამოძიების შედეგად ხანძრის რეალური მიზეზები გაირკვევა.ტერეზა მეიმ დაზარალებულთავის პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად 5 მილიონი ფუნტის გამოყოფის შესახებ განკარგულება გასცა.
ხანძარი ლონდონის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოთხშაბათს ღამით გაჩნდა. ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 600 ადამიანი იმყოფებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა. გაზეთ „The Sun"-ის ინფორმაციით, უგზოუკვლოდ დაიკარგა 65 ადამიანი. პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ხანძარი მოწყობილი იყო.