(რეზონანსი) პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი ინიციატივით, კანონით უნდა განისაზღვროს არა მარიხუანას რაოდენობა, არამედ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია.
„მოქმედი ნივთიერება,რომელიც თრობის ეფექტს იწვევს, ერთი და იგივე წონის მცენარეში შესაძლოა იყოს სხვადახვა კონცენტრაციით. მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დავაპატიმროთ, მაგრამ წონადობა ვერ გამოდგება მყარ ინდიკატორად.მოთხოვნაა,რომ კანონში ჩაიწეროს და განისაზღვროს არა რაოდენობა, არამედ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია" , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
უმრავლესობის წევრი მიიჩნევს,რომ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების თემით მანიპულირება არ უნდა მოხდეს და ლიბერალიზაცია მხოლოდ ზომიერ ფარგლებშია დასაშვები.
„ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. არ უნდა დავემონოთ მკაცრ ნარკოპოლიტიკას,მაგრამ არც უნდა გავერთოთ უზომო ლიბერალიზაციით. ზომიერება აქაც იქნება სასარგებლო" , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.