"იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გაყალბდება, ნამდვილად არსებობს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ ქვეყანაში არჩევნები აზრს დაკარგავს, ეს პროცესები, საბოლოო ჯამში, მერე აუცილებლად ქუჩაში გადავა.
"თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, ბუნებრივია, დაიწყება საპროტესტო აქციები. ხელისუფლებას ნამდვილად აქამდე მიჰყავს საქმე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე "მთელი კვირა" ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა.
ნინო ბურჯანაძე: საერთოდ, ეს არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი უთანასწოროდ კეთდება. პარტიები არათანასწორ მდგომარეობაში არიან.
ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების ახალი სისტემა, რომელიც ახლა გახმოვანდა, ნამდვილად ვერ იქნება სამართლიანი. ადამიანი როცა მიდის საარჩევნო ყუთთან და არ აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას" და აძლევს სხვა პარტიას, ან გადახაზავს ყველა პარტიას, რატომ უნდა ჩაეთვალოს მისი ხმა "ქართულ ოცნებას?!"
გარდა ამისა, ახლა ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ ვაჭრობას მაჟორიტარ დეპუტატებსა და უმრავლესობას შორის. ეს არის აბსოლუტურად დადგმული სცენარი იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო აუბნიონ თავგზა.
ჩვენ ვხედავთ ასევე ცვლილებებს, როდესაც იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთი ცვლილებით "ქართულ ოცნებას" ეძლევა შესაძლებლობა, თავიდან ბოლომდე დააკომპლექტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და აბსოლუტური კონტროლის ქვეშ ჰქონდეს ხმების დათვლის პროცესი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი და ფული.
ამიტომ თავისუფალ საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ჩვენ, ამისდა მიუხედავად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნებმა აზრი არ დაკარგოს.
"მთელი კვირა": "დემოკრატიული მოძრაობა" აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ნ.ბ: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგოს, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ აზრი მივცეთ ამ არჩევნებს.
ბუნებრივია, ვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და საბოლოოდ რა ცვლილებები იქნება შეტანილი როგორც კონსტიტუციაში, ისე საარჩევნო კოდექსში.
"მ.კ": თბილისის მერობის კანდიდატს როდის წარადგენთ?
ნ.ბ: ვერ გეტყვით. ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვართ თარიღთან დაკავშირებით.
"მ.კ": თქვენი კანდიდატი იქნება თუ არა ისევ დიმიტრი ლორთქიფანიძე?
ნ.ბ: ვერ გეტყვით. როცა გადავწყვეტთ, გამოვაცხადებთ და ყველა გაიგებს. ახლა რომ გითხრათ, ვინ იქნება, წარდგენა გამოვა.
"მ.კ: როგორც ფიქრობთ, თქვენი კანდიდატი გაუწევს კონკურენციას კახი კალაძეს და ზაალ უდუმაშვილს?
ნ.ბ: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, არჩევნები როგორ ჩატარდება. ჩვენი კანდიდატი წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე არამარტო ძალიან სერიოზულ კონკურენციას უწევდა სახელისუფლო ძალებს, არამედ სრულიად განსხვავებული შედეგებიც იყო.
მაგრამ არჩევნები მანიპულირებული იყო და ბიძინა ივანიშვილმა ჩაწერა ის ციფრები, რაც თვითონ აძლევდა ხელს. დღესაც თუ იგივე ვითარება იქნება, არჩევნები თუ არ ჩატარდა, არამედ ციფრები ჩაიწერა, მაშინ, ბუნებრივია, კონკურენციაზე ლაპარკი ზედმეტია.
მაგრამ ჩვენ ზუსტად იმიტომ ვიბრძვით, რომ არჩევნებს აზრი ჰქონდეს და შევეცადოთ, არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება, შუშის სასახლიდან გვიკარნახოს, ვინ რამდენი პროცენტი უნდა მიიღოს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ნამდვილად არ იყო ის ციფრები, რაც დაიწერა, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ მეორე ტურში ვიყავით გასული, ოღონდ ეს არ აძლევდა ხელს ბიძინა ივანიშვილს და დაწერა ის ციფრები, რაც დაწერა.
ასევე იყო ადგილობრივ არჩევნებში, დიმიტრი ლორთქიფანიძე გავიდა მეორე ტურში და მასაც ჩამოაკლეს რიცხვები. საპარლამენტო არჩევნებზე კი გაგვიმესამედეს, რადგან ივანიშვილისთვის ბურჯანაძე და მისი თანაპარტიელები საფრთხეა.
"მ.კ": ახლა რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ჩატარდება არჩევნები?
ნ.ბ: იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გაყალბდება, ნამდვილად არსებობს. არჩევნები რომ საქართველოში აზრს კარგავს, მე მგონი, ყველა ადამიანისთვის ნათელია, ვინც პოლიტიკაშია ჩახედული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ.
სრულიად ნათელი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმი ძალიან ძლიერი იყო და ძნელი იყო მასთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და ზუსტად ჩვენმა ბრძოლამ და 26 მაისმა განაპირობა - გაიხსნა შესაძლებლობა იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დაემარცხებინა "ქართულ ოცნებას". რომ არა 26 მაისი, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა.
ამიტომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სირთულეს დავინახავთ თუ არა, ბრძოლას შევწყვეტთ. მაგრამ, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ ქვეყანაში მართლა დაკარგავს არჩევნები აზრს, ეს პროცესები, საბოლო ჯამში, მერე აუცილებლად ქუჩაში გადავა.
თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, ბუნებრივია, დაიწყება საპროტესტო აქციები და ხელისუფლებას ნამდვილად აქამდე მიჰყავს საქმე.
"მ.კ:": დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნის იდეა ისევ ძალაშია? მიმდინარეობს თუ არა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები?
ნ.ბ: როგორც იცით, მმართველმა გუნდმა, შესაძლოა, ბლოკების რეჟიმი არ დატოვოს. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. ბუნებრივია, კონსულტაციები გვაქვს მეტ-ნაკლებად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, თუმცა რას ვიზამთ არჩევნებთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს.
"მ.კ": შესაძლოა, ოპოზიციას ერთიანი მერობის კანდიდატი ჰყავდეს?
ნ.ბ: არც ეს არის გამორიცხული. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენი პარტია ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის ვაყენებდით არა პირად და პარტიის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს.
ასე რომ, თუ იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას დავუჭიროთ მხარი. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.