"ისინი ძალიან დიდ კომპენსაციას ითხოვენ, მათ ეს თანხა არ ეკუთვნით"
მარი ჩიტაია
20.06.2017

 "ყაზტრანსგაზის" დავა საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, არბიტრაჟში აღარ გაგრძელდეს. ყაზახურ კომპანიაში არ მალავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მისაღებ წინადადებას ელოდებიან. საქართველოს მთავრობაშიც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შეთანხმებით დასრულდება დავა, რისი რესურსიც რეალურად აქვთ. გაცილებით პრინციპული პოზიცია აქვს მთავრობას "ინტერ-რაოს" მიმართ, რომლის პრეტენზია საქართველოში სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში რუსული კომპანიის პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებენ.

რუსულ ენერგოგიგანტთან საერთო ენის გამონახვა ვერაფრით ხერხდება. "ინტერ-რაო" უშუალოდ სასამართლოს მეშვეობით აპირებს საქმის მოგვარებას. სამაგიეროდ, შედარებით უკეთესი ვითარებაა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიმართულებით. ყაზახეთის ელჩი ამ საკითხს მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეეხო. ერმუხამეტ ეტისბაევმა "ყაზტრანსგაზ თბილისის" 8 წლით გაჭიანურებულ პრობლემაზე და ქართულ კომპანიაში ჩადებულ "დიდ რესურსზე" ისაუბრა.

"მზად ვართ, გამოვითხოვოთ სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოდან, თუკი ქართული მხარე მისაღებ წინადადებას შემოგვთავაზებს. როდესაც აქ ვაბანდებდით ფულს, ჩვენ თავიდანვე უნდა განგვეჭვრიტა რისკები. ვიცი, ჩავდეთ დიდი ფული, მაგრამ სრულად ამ თანხის დაბრუნება რთულია. ეს იყო რისკიანი ინვესტიცია, მაგრამ ჩვენი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უნდა დავიბრუნოთ", - განაცხადა ელჩმა.

ერმუხამეტ ეტისბაევი აღნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ყაზახ ინვესტორებს მსხვილი საინვესტიციო პროექტები აქვთ. ყაზახეთი ასევე დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიური სატრანსპორტო დერეფნით.

იგი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, განსაკუთრებით ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გათვალისწინებით და თუ ყაზახი ბიზნესმენები ჩამოვლენ საქართველოში, მოძებნიან პროდუქტს, რომლის შეტანაც შეიძლება ევროპაში, მათ "ოქროს არხი" გაეხსნებათ.

"ჯიბისისთან" საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა "ყაზტრანსგაზთან" კონსულტაციას აგრძელებს. მისი თქმით, მოლაპარაკებისა და საკითხის დროულად გადაჭრის სურვილი ორივე მხარეს აქვს და სხვადასხვა ვარიანტია შესაფასებელი.

"ყაზტრანსგაზის" ცენტრალურმა ოფისმა წინასაარბიტრაჟო გზით ინვესტიციების დაბრუნებაზე დავა ჯერ კიდევ 2015 წლის 21 სექტემბერს წამოიწყო. 180-მილიონიანი სარჩელი კომპანიამ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკება, კარგა ხანია, მიმდინარეობს, თუმცა წლების განმავლობაში საერთო ენის გამონახვა ვერაფრით მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაში უცხოელ ინვესტორთან შეთანხმების გზას ეძებს, მაგრამ სრულიად განსხვავებული, პრინციპული პოზიცია აქვს რუსული "ინტერ-რაოს" მიმართ, რომელიც ასევე ედავება საქართველოს მთავრობას.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, "ინტერ-რაოს" მოთხოვნები საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელია.

"ისინი ძალიან დიდ კომპენსაციას ითხოვენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ მათ ეს თანხა არ ეკუთვნით. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკებით რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია და ეს საკითხი არბიტრაჟის სივრცეში არ გადასულიყო, თუმცა ესეც არ არის პრობლემა.

არბიტრაჟი აბსოლუტურად ცივილური ფორმაა პარტნიორებს შორის ურთიერთობის გასარკვევად. დარწმუნებული ვართ ჩვენი პოზიციის სიძლიერეში და, რასაკვირველია, ნებისმიერი კუთხით ვიდავებთ", - განაცხადა ელოშვილმა.

რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა საქართველოს მთავრობას 2017 წლის 14 აპრილს მისწერა, რომ წინასაარბიტრაჟო გზით დავას იწყებდა. "ინტერ რაოში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობასთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ლარის დოლართან გაუფასურების შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა უნდა მომხდარიყო.

2015-16 წლებში "ინტერ რაომ" ორჯერ მოითხოვა ტარიფის გადახედვა და ორივეჯერ უარი მიიღო. რუსული ენერგოკომპანიის გაანგარიშებით, ზარალი "რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს" შეადგენს და ანაზღაურებას საქართველოს მთავრობისგან ელის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×