საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შემოაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.
"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ იმაზე გვეფიქრა, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ იმაზე გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია, ღვთის წყალობით, მეფე მართავდა და დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება მეფეს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - ბრძანა ილია მეორემ.
მნიშვნელოვანია თუ არა საქართველოსთვის საკონსტიტუციო მონარქიის შესაძლო შემოღებაზე მსჯელობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): მე პირადად დემოკრატიის არ მწამს. საქართველოში მონარქია შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ჩვენს მგდომარეობაში პრობლემა მის აღდგენაშია.
მონარქისტი არ ვარ, მაგრამ მონარქია ტრადიციებთან არის დაკავშირებული - მე კი ტრადიციონალისტი ვარ. მსჯელობა შესაძლებელია, მაგრამ აღდგენის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება. მაგრამ იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველო და ქართველი საზოგადოებაა, ყოვლად მიზანშეუწონელია. მონარქიაში ცხოვრებას გადაჩვეული ვართ. ამხელა პაუზა არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია.
ჩვენი საზოგადოება ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ არის. ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ გზით წავლენ. ყველა თვალსაზრისით ძვირად დაგვიჯდება.
ისეთი საქართველო რომ იყოს, როგორიც მე მინდა, მირჩევნია, მონარქია არსებობდეს. იყოს მონარქი, რომელიც ღისების მაჩვენებელი იქნება. მაგრამ დღეს ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): მომხრე ვარ. წყვეტა მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოში რუსეთის იმპერია შემოვიდა. ისტორიულად, მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვის დროს ჩვენ თვითმყოფადობას მონარქიით ვინარჩუნებდით. პრინციპში, არც ერთი პრეზიდენტი არ გამოგვადგა.
ჯერჯერობით საპარლამენტო რესპუბლიკას არ უჩანს ისეთი პირი, რომ პროფესიონალი, პატიოსანი და წესიერი პარლამენტარები მოვიდნენ. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ღირსეული წარმომადგენელი უნდა იყოს არჩეული.
მას სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაწერილი როგორც ხარჯთაღრიცხვა, ისე მოვალეობა, რათა ისედაც ღარიბ ქვეყანას ბიუჯეტის ეს წილიც მტკივნეულად არ დააწვეს.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): პატრიარქს როდესაც ვუყურებ, გულში სითბო მეღვრება. მის მიმართ ღრმა პატივისცემა და უდიდესი სიყვარული მაქვს, მაგრამ კონსტიტუციურ მონარქიას ვეწინააღმდეგები.
პარლამენტის თავმჯდომარეს წამოსცდა, ეს საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუციას გამორიცხავსო. მონარქია მხოლოდ იმიტომ არ უნდა გამოიყენო, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუცია გააუქმო. ცოტა არ იყოს, არაპროფესიონალურად ჟღერს.
პატრიარქს რაც შეეხება, მგონია, რომ დავღალეთ. შეიძლება, რაღაც ახალ გზას ეძებს და ფიქრობს, რომ ეს ვარიანტი სიმშვიდის მომტანი იქნება. არა, არა და არა. ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
აურზაური და ქართული სახელმწიფოებრიობის რყევა მოხდება. კონსტიტუციურ მონარქიას ვეწინააღმდეგები. ფეოდალები კი მრავლად გვყავს. ამდენ ფეოდალებში ერთი მეფეღა გვაკლია და ავშენდებით.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რასაკვირველია, მსჯელობა მნიშვნელოვანია. რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით ამით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, თუ არ ჩავთვლით ბატონ ლევან ვასაძეს, რომელიც ამის მთავარი მეხოტბეა. დანარჩენებს, მათ შორის მთავრობის წევრებსა და მათ, ვისზეც შედეგი ბევრადაა დამოკიდებული, ამის მიმართ არანაირი დაინტერესება არ აქვთ.
მიმაჩნია, რომ ცუდი არ იქნებოდა. ერთი პერიოდი ამ კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა შემდეგ მიჩუმდა. ზოგადად, საქართველო ლომის ზოდიაქოს ნიშნით იმართება. ლომი არის მონარქიის მთავარი მეხოტბე.
ამიტომ ცუდი არ იქნება, თუნდაც ინგლისის პროტოტიპის სახით, დაგვბრუნებოდა მეფე. მიზანშეწონილად მიმაჩნია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დღესდღეობით აქედან რამე გამოვიდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე