ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ინსტიტუტების არაეფექტურობაა
თაკო მათეშვილი
20.06.2017

 "ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ მონარქია არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები სწორად და კარგად მოწყობილი, აი, ესაა ქვეყნის პრობლემა და ამის დანახვა არ უნდათ.

"მონარქიას შესაბამისი გარემო უნდა და ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა - დიდ თანხასთან არის დაკავშირებული მეფის ოჯახის შენახვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

პატრიარქის ქადაგებაზე, კონსტიტუციურ მონარქიაზე და ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე პრეზიდენტისადმი "რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: როდესაც მონარქიაზე საუბრობს პატრიარქი, ჩვენთვის ეს ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია.

სრულიად სხვადასხვა მიდგომაა. როგორც წესი, პერიოდულად არის ხოლმე ამაზე მსჯელობა, თუმცა მერე ისევ გადაივლის ხოლმე. იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, ფაქტობრივად, ეს რეალობა შექმნა ისტორიულმა განვითარებამ და იქ ასეთი წყვეტა არ ყოფილა. ჩვენთან მონარქიის 200-წლიანი წყვეტაა.

"რეზონანსი": რატომ გააქტიურდა ახლა ამ თემაზე საუბარი, რას მოუტანს ეს ქვეყანას?

ვ.ძ: პატრიარქი რომ ფიქრობს, მონარქია სიტუაციას დაამშვიდებსო, მთლად ასე არ არის. ის ქვეყნებში, სადაც ასეთი კონსტიტუციური წყობაა, ვითარება თვითონ სისტემამ შექმნა.

მონარქიას შესაბამისი გარემო უნდა და ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა - დიდ თანხასთან არის დაკავშირებული მეფის ოჯახის შენახვა.

გარდა ამისა, რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა სამეფო ოჯახის მხრიდან, რამაც კრახი განიცადა. ეს არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს.

ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ მონარქია არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები სწორად და კარგად მოწყობილი, აი, ესაა ქვეყნის პრობლემა და ამის დანახვა არ უნდათ.

"რ": კობახიძესთან ტელედებატებში მონაწილეობაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ვ.ძ: მოვუსმინე ამ განცხადებებს, მაგრამ ვერ გავიგე, რა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ და რა უპასუხა პრეზიდენტმა. ტელედებატები რისი მომცემი და მომტანია?!

რას მოუტანს ეს ქვეყანას ან კონსტიტუციას?! თუ იმისთვისაა, რომ ვენეციის კომისიას დაანახონ - აი, კონსენსუსის მცდელობა გვქონდა, მაგრამ ვერ მივაღწიეთო, ეს სხვა საკითხია. ყველა არგუმენტი, რეალური და არარეალურიც, უკვე ითქვა და ნათქვამია. ახალს რას მოგვცემს ეს დებატები?! ვინმეს შეუძლია, თქვას?

"რ": მაგრამ ვხედავთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ბრალდებები ისმის და იქნებ ამ დებატებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი?

ვ.ძ: ეს კიდევ ცალკე საკითხია. მაგრამ ამ დებატებით, ჩემი აზრით, ვერაფერს მივიღებთ. რისი შედეგის მომტანი იქნება ეს ტელედებატები?! საერთოდ, როდესაც იმართება ტელედებატები, მას მოსდევს კენჭისყრა. ჩვენთან კი ძირითადად ორივე დარჩება იმ პოზიციაზე, რაზეც თავიდანვე იყვნენ.

"რ": ანუ ეს დებატები საზოგადოების ინფორმირებას ხელს არ შეუწყობს?

ვ.ძ: საზოგადოება უკვე ჩამოყლიბებულია და რა შეიცვლება ამით. შოუს მოწყობისთვის თუ გვჭირდება, კი, ბატონო, თორემ ეს დებატები სხვა არაფერს მოგვიტანს. ორივე მხარე დაასკვნის, რომ გაიმარჯვა.

"რ": აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე ხელისუფლება საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოებს დრო უნდა მიეცეს. საკმარისი დრო არ გავიდა, რომ წამოჭრილ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო?

ვ.ძ: რომელიმე საქმე ხომ უნდა დამთავრდეს რაღაც შედეგით? ჩვენ ოდესმე ვიქნებით ორიენტირებული შედეგზე?! პარლამენტში ამ ფორმატით ამის განხილვა არაფრის მომცემი იქნება. უმრავლესობა იტყვის, გამოძიებას დაველოდოთო, უმცირესობა კი - პირიქით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×