უნდა ჰყავდეს თუ არა ქვეყანას მეფე - ამ თემის განხილვა და განცხადებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კვირას პატრიარქმა ქადაგებაზე თქვა, რომ საჭიროა მეფე, რადგან "კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს".
მისი ამ განცხადების შემდეგ ატყდა დიდი ხმაურიც - "ქართული ოცნების" თითქმის ყველა ლიდერი გამოვიდა განცხადებით, რომ პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს თემა საყურადღებოა, მსჯელობა იქნება და პლებისციტის ჩატარებაც შესაძლებელია. ოპოზიციამ კი მმართველი პარტიის წევრები "ფარისევლობაში," "სიყალბესა" და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.
საკვირაო ქადაგებიდან მეორე დილითვე პატრიარქს სასწრაფოდ შეხვდნენ პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. შეხვედრის შემდეგ კობახიძემაც და ბესელიამაც არ გამორიცხეს ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებაც, რასაც მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა. თუმცა მოგვიანებით განმარტებებიც მოაყოლეს, რომ პლებისციტიც და კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლა არის გრძელვადიანი პერსპექტივა.
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო მონარქიაზე ილია ||-ემ საუბარი წლების წინ დაიწყო და მისი ლოცვა-კურთხევით "სამეფო ქორწინებაც" ჩატარდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინებით 2011 წლის სექტემბერში დაიბადა გიორგი ბაგრატიონი.
ორივე მშობელმა ბავშვს მისცა თავისი გვარი - ბაგრატიონი, ამგვარად პატარა გიორგი გვარად ბაგრატიონ-ბაგრატიონია. საპატრიარქო ე.წ. მომავალი ტახტის მემკვიდრედ სწორედ 6 წლის გიორგი ბაგრატიონს მოიაზრებს.
ბოლო წლები ეს თემა მივიწყებული იყო, ახლა კი იდეა მოულოდნელად გააქტიურდა პატრიარქის მხრიდან. მის მოსაზრებას მმართველი გუნდიც დაეთანხმა და ორი დღეა, თემის განხილვა და განცხადებები არ ცხრება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციურ მონარქიას თავისი პლუსი აქვს და პატრიარქის ნებისმიერ იდეაზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ.
"ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ეკა ბესელიას თქმით, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც და არ უნდა გამოირიცხოს მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა ისეთ საკითხზე, როგორიც საკონსტიტუციო მოწყობაა.
"ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა, ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ, კარგად უნდა გაცნობიერდეს, ეს იდეა რას ნიშნავს და რა იგულისხმება. ეს იდეა ნამდვილად იმად ღირს, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა", - განაცხადა ბესელიამ.
ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პატრიარქის ინიციატივას განხილვა აუცილებლად უნდა მოჰყვეს.
"ჩვენი პოზიცია, როგორც მთავრობის, იქნება გამომდინარე ქართველი ხალხის ნებიდან. პირადად ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ. თუ პატრიარქმა ასეთი ინიციატივა თქვა, სულ მცირე, განხილვა აუცილებელია", - აღნიშნა ჯეჯელავამ.
ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საერთოდ განხილვაზეც კი კრიტიკული იყო ოპოზიციის განცხადებები.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მონარქიის დაკანონების საკითხი აბსურდია. თანაც "10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და როდესაც ამდენი სოციალურად დაუცველია, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება ამორალურია".
"მის უწმინდესობას აქვს ეს პოზიცია, უმრავლესობა კი იქცევა, როგორც ფარისეველი. ასე იფარისევლებენ, დაბერავენ ლოყებს და იტყვიან, რომ ხალხს უნდა ვკითხოთ. რამდენიმედღიანი ნიუსი ექნებათ", - ამბობს უგულავა.
"სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი, რომლის თქმითაც, მონარქია ფუფუნებაა, რისი შესაძლებლობა ბევრ მდიდარ ქვეყანასაც არ აქვს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ნინო გოგუაძის თქმით, პატრიარქს ეს სურვილი, უკვე 10 წელია, აქვს, ხოლო "ოცნების" დეპუტატების კომენტარები ახლა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა, "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო", "ფარისევლური" და "ყალბია".
თუმცა ცოტა მოგვიანებით "ოცნებამ" საკუთარი განცხადებების განმარტებები დაიწყო და როგორც აღმოჩნდა, უახლოეს მომავალში ამ საკითხზე რაიმე აქტივობა არ იგეგმება - არც პლებისციტი და, მით უფრო, არც ახალ საკონსტიტუციო პროექტში კონსტიტუციური მონარქიის ჩაწერა.
"კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით არც პლებისციტზე, არც სხვა რამე ფორმაზე , მით უმეტეს საკონსტიტუციო პროექტში შეტანაზე, ამჟამად საუბარი არ არის", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც "საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანმა დააყენა და შემოგვთავაზა", მაგრამ უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარი არ იქნება მართებული.
"როგორც პატრიარქი თვითონვე აღნიშნავს, მოვა ამის დროც და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი ფართო ჩართულობით", - განაცხადა ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ პატრიარქის სიტყვები საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან არასწორად დააკავშირა და "არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს".
მისი თქმით, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს საკითხი არ არის არც დღეის და არც ხვალის, მის გადაწყვეტას, შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები და ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ძალიან დადებითი იქნება, თუ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა შედგება.
"ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს.
"ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება, - განაცხადა პრემიერმა.