(რეზონანსი) სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულები არიან: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ლია დორეული, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა"-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული.
ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.